ალგერსუარი ფორმულა 1-თვის მზადაა
Alguersuari feels ready for F1 now
25 თებერვალი
”ტორო როსოს” ესპანელ პილოტის, ხაიმე ალგერსუარის (სურათზე) დებიუტი ფორმულა 1-ში შარშან, შუა სეზონში შედგა და გამოუცდელმა მრბოლმა თავის გამოჩენა ვერ შეძლო. თუმცა, ამის მიუხედავად, იტალიურმა გუნდმა ის მომავალი სეზონისთვისაც დაიტოვა.
დღეს კი, ვალენსიასა და ხერესის ტესტების შემდეგ, ალგერსუარი აცხადებს, რომ ფორმულა 1-ში მისი რეალური დებიუტი ბაჰრეინში შედგება და თავის რეალურ შესაძლებლობებს ამ სეზონში გვაჩვენებს.
”გასულ სეზონში მე მეტის ჩვენება ვერ შევძელი. გუნდმა ჩემთვის მოულოდნელად გამომიძახა და მე ამისთვის, არც ფიზიკურად და არც ფსიქოლოგიურად, მზად არ ვიყავი. მე ”რედ ბულის” დაქირავებული ვიყავი და ჩემს სურვილზე არაფერი იყო დამოკიდებული. ახალი სეზონისთვის კი სრულფასოვნად მოვემზადე. ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც, რბოლებისთვის მზად ვარ”, - ესპანურ ”დიარიო სპორტთან” საუბრისას განაცხადა ალგერსუარიმ.
ბარსელონაში ტესტების დაწყების წინ, ესპანელმა თინეიჯერმა კიდევ ერთ ესპანურ გამოცემა ”ელ მუნდოსაც” მისცა ინტერვიუ: ”ამიერიდან, ის ჯარისკაცი აღარ ვარ, რომელსაც ნორმანდიის სანაპიროზე ბრძოლით დესანტირება უწევს. გასულ ტესტებზე, ერთ დღეში ორი რბოლის დისტანცია უპრობლემოდ გავიარე, რაც იმას ნიშნავს, რომ ფიზიკურ კონდიციებთან დაკავშირებით, პრობლემები აღარ მაქვს”.
უფრო მეტიც, ალგერსუარი ამბობს, რომ ახალ სეზონში ბევრ სიურპრიზს შემოგვთავაზებს და ასეთი ოპტიმიზმის საბაბს, მას ”ტორო როსოს” ახალი მანქანა STR5 აძლევს. ცნობისათვის, მას შემდეგ, რაც ”მინარდი” აღარ ჰქვია, ამ გუნდმა საკუთარი ძალებით პირველად შექმნა სარბოლი ბოლიდი. აქამდე კი ტექნიკას უფროს ნათესავ ”რედ ბულისგან” ღებულობდა.
”ეს ძალიან კონკურენტუნარიანი და საიმედო მანქანაა, თუმცა, ლიდერებამდე ჯერაც ბევრი გვიკლია. ვფიქრობ, საშუალო გუნდებს შორის საუკეთესოს სახელისთვის ბრძოლას შევძლებთ”, - დასძენს ალგერსუარი, ვინც დარწმუნებულია, რომ ჩემპიონობისთვის ოთხი გუნდი - ”რედ ბული”, ”ფერარი”, ”მაკლარენი” და ”მერსედესი” იბრძოლებს.
No comments:
Post a Comment