ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Sunday, August 23, 2009

ბარიკელომ გამარჯვების გემო გაიხსენა

European GP

23 აგვისტო

მარცხნიდან: ჰამილტონი, ბარიკელო და რაიკონენი
შამპანურის შხაპი გამარჯვებულს

ბრაზილიელი რუბენს ბარიკელოს ტრიუმფით დასრულდა ევროპის დიდი პრიზი, რომელსაც ესპანეთის ქალაქ ვალენსიას საპორტო უბნის ქუჩებმა უმასპინძლა. 37 წლის რუბინიომ ბოლო ხუთ წელიწადში პირველი გამარჯვება მოიპოვა და დაამტკიცა, რომ ჯერაც შეუძლია გამარჯვებისთვის და ტიტულისთვის ბრძოლა.

დღევანდლამდე, ბარიკელოს ბოლო გამარჯვება 2004 წლის სექტემბერში, ჩინეთის დიდ პრიზზე, ”ფერარის” ბოლიდი ჰქონდა მოპოვებული. ვალენსიაში მან ფინიშთან 2.3 წამით მიასწრო მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ლუის ჰამილტონს, ვინც რბოლა პოულიდან დაიწყო, თუმცა მეორე პიტსტოპზე შეფერხებამ ლიდერობა დააკარგვინა.

”ვისურვებდი, რომ ეს მომენტი სამუდამოდ გაგრძელდეს. მინდა, აქ ორშაბათამდე დავრჩე”, - განაცხადა გამარჯვებულმა, ვინც თავის გუნდ ”ბრაუნ GP-ს” ამ სეზონში მეშვიდე გამარჯვება (11 რბოლაში) მოუპოვა.

ჰამილტონს ზედიზედ მეორე გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ მეორე პიტსტოპისას, მის მომსახურე პერსონალს ბოქსიდან გამოსვლა დაუგვიანდა, რის გამოც, ჩემპიონი ტრასაზე მინიმუმ ოთხი წამით გვიან გავიდა. ეს კი საკმარისი იყო იმისათვის, რომ ბარიკელოს ლიდერობა ეგდო ხელთ. თუმცა, რომც არა ”მაკლარენის” მექანიკოსთა დაბდურობა, ბარიკელოს პიტსტოპის შემდეგ დაწინაურების რეალური შანსი ჰქონდა:

ჰამილტონი ბოქსში მასზე სამი წრით ადრე შევიდა. ამ დროს, ის ბრაზილიელს დაახლოებით სამ წამს უგებდა, მაგრამ ბარიკელო ყოველ წრეს საუკეთესო დროით გადიოდა და ისეთი გრაფიკი ჰქონდა, რომ მეორე პიტსტოპის მოვლის შემდეგ, ტრასაზე ლიდერის რანგში უნდა დაბრუნებულიყო. ჰამილტონის შეყოვნებამ კი საქმე გაუადვილა.

შესანიშნავად იასპარეზა ”ფერარის” ფინელმა ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონმა კიმი რაიკონენმა, ვინც ფინიშის ხაზი მესამემ გადაკვეთა, მეოთხე ადგილს კი ჰამილტონის ფინელი თანგუნდელი ჰეიკი კოვალაინენი დასჯერდა, რომელმაც რბოლა მეორე პოზიციიდან დაიწყო.

ამჯერადაც, თავი ვერაფრით გამოიჩინა ჩემპიონატის ლიდერმა ჯენსონ ბატონმა, ვინც მეშვიდზე გავიდა, თუმცა საერთო ჯამში, ესეც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ლიდერის პოზიცია გაემყარებინა. საქმე ისაა, რომ მისმა უახლოესმა მდევარმა, ავსტრალიელმა მარკ უებერმა რბოლა უქულოდ (მეცხრე ადგილზე) დაასრულა, მისმა გერმანელმა თანაგუნდელმა სებასტიან ფეტელმა კი რბოლა საერთოდაც ვერ დაასრულა - ფინიშამდე 34 წრით ადრე, მის ”რედ ბულს” ”რენოს” ძრავი დაეწვა (ვალენსიაში მეორედ) და ფეტელმაც ასპარეზობა იქვე დაასრულა.

ასე რომ, ახლა ბატონის უახლოესი მდევარი ბარიკელო გახდა, ვინც ლიდერ თანაგუნდელს 18 ქულით ჩამორჩება. უებერი ბარიკელოსგან 2.5 ქულაშია, ფეტელი კი ბრაზილიელთან 7 ქულას აგებს.

”ეს ფანტასტიკურია. ხუთი წელია, არ მომეგო და როგორც ჩანს, ამის უნარი ჯერაც არ დამიკარგავს. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ მოგება არც ისე იოლი იყო. სანამ ფინიშს მივაღწევდი, ჩემი კარიერიდან ბევრი რამ გამახსენდა. მინდა, გუნდს მადლობა გადავუხადო - ეს ხომ მხოლოდ ჩემი მიღწევა არაა, ბიჭების გარჯის შედეგად, მანქანამ ჩინებულად იმუშავა და ორივე ტიპის საბურავით ძალიან სტაბილური იყო”, - განაცხადა ბარიკელომ, ვისთვისაც ვალენსიაში მოპოვებული გამარჯვება მეათეა კარიერაში.

ფეტელს პრობლემები ჯერ კიდევ პირველ პიტ სტოპზე შეექმნა. მაშინ მას საწვავი ვერ ჩაუსხეს, რის გამოც, შემდეგ წრეზევე, ბოქსში მეორედ შესვლა მოუხდა. შემდეგ კი ძრავმაც უმტყუნა. გერმანელს ახლა იმედად ისღა დარჩენია, რომ ძრავი არ დაზიანებულა და ბოლი გამოსაბოლქვმა სისტემამ გაუშვა.

ისევე როგორც კვალიფიკაცია, რბოლაც ბოლო ადგილზე დაასრულა იტალიელმა ლუკა ბადოერმა, ვისთვისაც ეს კარიერაში 50-ე დიდი პრიზი იყო. ლუკამ სტარტი კარგად კი აიღო, მაგრამ ჯგუფში ასპარეზობას გადაჩვეულმა, პირველივე მოსახვევში შეცდომა დაუშვა და ამის შემდეგ, თავი არაფრით გამოუჩენია. არაა გამორიცხული, რომ მის ნაცვლად, ბელგიაში ”ფერარის” კიდევ ერთმა ტესტ პილოტმა, ესპანელმა მარკ ჟენემ იასპარეზოს.

ევროპის დიდი პიზი

ვალენსია. დისტანცია 308.883 კმ (5.419 კმ - 57 წრე)

1. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ GP) 1:35:51.289

2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) +00:02.358

3. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 00:15.994

4. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, მაკლარენი) 00:20.032

5. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამსი) 00:20.870

6. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) 00:27.744

7. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ GP) 00:34.913

8. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) 00:36.667

9. მარკ უებერი (ავსტრალია,რედ ბული) 00:44.910

10. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 00:47.935

11. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) 00:48.822

12. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფორს ინდია) 01:03.614

13. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) 01:04.527

14. ტიმო გლოკი (გერმანია, ტოიოტა) 01:26.519

15. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, რენო) 01:31.774

16. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1 lap

17. ლუკა ბადოერი (იტალია, ფერარი) 1 lap

18გ. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) 3 laps

გ. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 16 laps

გ. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 34 laps

უსწრაფესი წრე: ტიმო გლოკი - 1:38.683, 55-ე წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

პირადი ჩათვლა

1. ჯენსონ ბატონი - 72 ქულა; 2. რუბენს ბარიკელო - 54; 3. მარკ უებერი - 51.5; 4. სებასტიან ფეტელი - 47; 5. ნიკო როსბერგი - 29.5; 6. ლუის ჰამილტონი - 27; 7. კიმი რაიკონენი - 24; 8. იარნო ტრული - 22.5; 9. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) - 22; 10. ტიმო გლოკი - 16; 11. ფერნანდო ალონსო - 16; 12. ჰეიკი კოვალაინენი - 14; 13. ნიკ ჰაიდფელდი - 6; 14. რობერტ კუბიცა - 3; 15. სებასტიან ბუემი - 3; 16. სებასტიან ბურდე (საფრანგეთი, ტორო როსო) – 2; 17. ჯანკარლო ფიზიკელა - 0; 18. ადრიან სუტილი - 0; 19. კაზუკი ნაკაძიმა - 0; 20. ნელსინიუ პიკე (ბრაზილია, რენო) – 0;

21. ხაიმე ალგერსუარი - 0; 22. რომენ გროჟანი - 0; 23. ლუკა ბადოერი - 0 .

კონსტრუქტორთა პირველობა

1. ბრაუნ-მერსედესი - 126 ქულა; 2. რედ ბულ-რენო - 98.5; 3. ფერარი - 46; 4. მაკლარენ-მერსედესი - 41; 5. ტოიოტა - 38.5; 6. უილიამს-ტოიოტა - 29.5; 7. რენო - 16; 8. BMW ზაუბერი - 9; 9. ტორო როსო-ფერარი - 5; 10. ფორს ინდია-მერსედესი - 0.

1 comment:

  1. პირველ რიგში დიდი მადლობა ბლოგის ავტორს გაწეული მუშაობისთვის, ფორმულა 1–ის ყველა ქართველი გულშემატკივარი, ვინც ამ ბლოგს ნახავს ამას ნამდვილად დააფასებს. დიდი მადლობა იმისთვის რომ პროფესიონალურად აშუქებთ ფორმულა 1–ს და საინტერესო სტატიებს "წერთ". ბოდიშს ვიხდი ჩემი ქართულისთვის და ტავტალოგიებისთვის.
    რაც შეეხება რბოლას, ბარიკელომ მართლაც "ივაჟკაცა" და დაიმსახურა გამარჯვება. არანაკლებ კარგად გამოვიდა რაიკონენიც და ალბათ სპაშიც გაიბრწყინებს – მისი საყვარელი ტრასაა ბოლობოლო. გული დამწყდა ფეტელზე, ცუდია რომ არ უმართლებს ბოლო რბოლებში, ასე რომ არა, ალბათ მეტი ინტრიგა იქნებოდა ჩემპიონატში.
    როგორც ალონსოს გულშემატკივარი იმედს გამოვთქვამ, რომ ჭორები მისი ფერარიში გადასვლაზე გამართლდება და მომავალი წლიდან ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ჩაერთვება...
    მოკლედ ბევრი "ოფფტოპიკი" გამოვიდა, მომიტევეთ. შევეცდები უფრო თემასთან ახლო დავწერო და მშრალი კომენტარებით აღარ შემოვიფარგლო.

    ReplyDelete