”რედ ბული” კერს-ს არც ბელგიაში გამოიყენებს
Red Bull
25 აგვისტო
”რედ ბულს” მიმდინარე სეზონში კერს-ი (კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა) არ გამოუყენებია, თუმცა ამის მიუხედავად, სისტემის სრულყოფაზე მუშაობაც არ შეუწყვეტია.
ვალენსიაში ”წითელმა ხარებმა” გამოაცხადეს, რომ ამ სისტემის ბელგიურ ეტაპზე გამოყენების შესაძლებლობას სწავლობდნენ და იმედოვნებდნენ, რომ მისი მეშვეობით, მანქანის კონკურენტუნარიანობას გაზრდიდნენ. მაგრამ გუნდის შეფმა კრისტიან ჰორნერმა განაცხადა, რომ ეს დიდ რისკთანაა დაკავშირებული, რის გამოც, ”რედ ბული” ბელგიაში კერს-ის გამოყენებისგან თავს შეიკავებს. და იქვე დასძინა, რომ შესაძლოა, ეს სისტემა იტალიის დიდი პრიზისთვის მანქანაზე მაინც დააყენონ.
”სპა სილვერსტოუნის მსგავსი ტრასაა, ჩვენ კი იქ ძალიან კარგად გამოვედით. ამიტომ, ამ ეტაპზე კერს-ის პირველად გამოყენება გაუმართლებელი ექსპერიმენტი იქნება, რის უფლებასაც ჩვენ საკუთარ თავს ვერ მივცემთ. სპას შემდეგ კი მონცაზე ვიფიქრებთ და შესაძლოა, კერს-ი იქ მაინც გამოვიყენოთ. ეს სისტემა ”რედ ბულის” და ”რენოს” ინჟინრების მიერ ერთობლივად, სეზონის დაწყებამდეა შემუშავებული. ვნახოთ, შესაძლოა, ამ სეზონში ის მართლაც გამოვიყენოეთ”, - ამბობს ჰორნერი.
იგივეს ფიქრობს ”ბრაუნის” შეფი როს ბრაუნი, ვისი აზრითაც, კერს-მა შეიძლება გაამართლოს და შეიძლება არა. ამიტომ, ამ ეტაპზე მანქანაზე მისი დაყენება გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული.
”ეს შეიძლება ფანტასტიკური გადაწყვეტილება იყოს, ან პირიქით. ერთი ან მეორე. ერთი რამ ფაქტია - ”მაკლარენმა” ამ სისტემის მეშვეობით დიდ პროგრესს მიაღწია. იმ პირობებში, როცა ტესტები აკრძალულია, მე შუა სეზონში კერს-ის გამოყენებას ვერ გავრისკავ. ”რედ ბულს” ამ სისტემასთან დაკავშირებით გარკვეული გამოცდილება აქვს, რადგან მას ”რენოსთან” ერთად ქმნიდა, ამ გუნდმა კი კერს-ით რამდენიმე რბოლაზე იასპარეზა. ასე რომ, მათი სისტემა უფრო გამოცდილი და დახვეწილია”, - ამბობს ბრაუნი, ვინც დასძენს, რომ ”მერსედეს-ბენცისგან” მათი კერს-ის გამოყენების შეთავაზება მიიღო, თუმცა მასზე უარი განაცხადა:
”ამ ეტაპზე, ჩვენთვის მისი გამოყენება წამგებიანი იქნება. ახლა რომ მანქანაზე კერს-ის დაყენება გადავწყვიტოთ, მთელი შასი გადასაკეთებელი გახდება, ეს კი სერიოზულ პრობლემებს შეგვიქმნის. გადაცემათა კოლოფიც კი გადასაკეთებელი გახდება. სხვა პრობლმებიც წარმოიქმნება. ესეც რომ არა, ჩვენ საკმაოდ მცირე რაოდენობით ბალასტს ვიყენებთ და თუ კერს-ს დავაყენებთ, ბალასტის მოხსნის შემთხვევაშიც, მანქანა დამძიმდება. მარტო ეს ფაქტორიც საკმარისია იმისათვის, რომ კერს-ზე უარი ვთქვათ”.
No comments:
Post a Comment