”რედ ბული” ძრავის შეცვლას აპირებს
Red Bull set to make engine decision (AUTOSPORT)
26 აგვისტო
”რედ ბულ რეისინგი” აცხადებს, რომ რამდენიმე დღეში გადაწყვეტს, მომავალ სეზონში რომელი კომპანიის ძრავით იასპარეზოს. ავსტრიული საჯინიბო უკმაყოფილოა ”რენოს” არასაიმედო ძრავებით - მარტო სებასტიან ფეტელს ფრანგული კომპანიის ძრავმა ამ სეზონში ოთხჯერ უმტყუნა, მათგან ორჯერ გასულ უქმეებზე, ვალენსიაში (სურათზე).
ინგლისური ჟურნალი ”ავტოსპორტი” ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში იუწყებოდა, რომ ”რედ ბული” ძრავების ”მერსედეს-ბენცისგან” შესყიდვას აპირებს. მას შემდეგ კი, რაც ფ1-ის წესები შეიცვალა და ძრავების მწარმოებლებს თავიანთი აგრეგატებით ოთხი გუნდის მომარაგების უფლება მიეცათ, ”რედ ბული” უფრო გააქტიურდა. და, როგორც ჩანს, მალე სწორედ ”სამქიმიანებთან” გააფორმებს ხელშეკრულებას.
”რედ ბულის” საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენას აუცილებლად მოახდწნს ის ფაქტი, რომ ფეტელს ევროპის დიდ პრიზზე ძრავი ორჯერ დაუზიანდა და მან ამ აგრეგატის შეცვლის სეზონური ლიმიტი უკვე ამოწურა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან, ძრავის ყოველ შეცვლაზე, მას სასტარტო რიგში ათი ადგილით უკან დაწევა მოუწევს.
”რედ ბულის” მოტორსპორტის მრჩეველმა, წარსულში თავადაც ფ1-ის პილოტმა, ავსტრიელმა ჰელმუტ მარკომ დაადასტურა, რომ ამჟამად გუნდი იმ ეტაპზეა, როცა სასწრაფოდ უნდა გააკეთოს არჩევანი, რათა მომავალი სეზონის ავტომობილის (RB6) შექმნა არ დაუგვიანდეს.
”ძრავის საკითხი რამდენიმე დღეში უნდა გადავწყვიტოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი მანქანის შექმნის პროცესი გაჭიანურდება, რაც არასასურველია. RB6-ის შემუშავების ზოგად სტრატეგიაში მხოლოდ ძრავის საკითხიღა გვაქვს დასადგენი. გუნდი სრულადაა დაკომპლექტებული. პილოტებთან კონტრაქტები გავაგრძელეთ, პერსონალის ბირთვიც ჩვენთან რჩება”, - ამბობს მარკო და დასძენს:
”არსებობს სოლიდური არგუმენტები იმისა, რომ ”რენოსთან” თანამშრომლობა გავაგრძელოთ, მაგრამ ასევე არსებობს არგუმენტები იმისა, რომ ”მერსედესის” ძრავებზე გადავიდეთ. რა თქმა უნდა, სახეზეა ფაქტები, რომელთა იგნორირება არ შეიძლება - მარტო ფეტელს ძრავი უკვე ოთხჯერ დაუზიანდა, ”მერსედესის” ექვს პილოტს კი - არცერთხელ. და ამ ფაქტს ვერსად გაექცევი”.
მარკო ამბობს, რომ მომდევნო რბოლებზე, რომლებიც ბელგიაში (სპა), იტალიაში (მონცა), იაპონიასა (სუზუკა) და ბრაზილიაში (სან პაულუ) ჩატარდება, მისი გუნდს კონკურენტუნარიანი მანქანები ეყოლება. რაც შეეხება აბუ დაბის უახლეს ტრასას, ის ყველასთვის ახალია და მასზე წინდაწინ რაიმეს პროგნოზირება შეუძლებელია. ვალენსიასა და ბუდაპეშტში ჩასვლამდეც კი ვიცოდით, რომ იქ მოგება გაგვიჭირდებოდაო - დასძენს მარკო და გამორიცხავს ”რედ ბულის” მიერ ამ სეზონში კერს-ის გამოყენებას, რადგან ეს დიდ და გაუმართლებელ რისკად მიაჩნია.
No comments:
Post a Comment