შეცდომა პიტსტოპზე
McLaren
23 აგვისტო
ვალენსიური რბოლის შემდეგ, ”მაკლარენის” შეფმა მარტინ უიტმარშმა განაცხადა, რომ მეორე პიტ სტოპის დროს, ლუის ჰამილტონის შეყოვნების მიზეზი, ოპერატიული გადაწყვეტილების შედეგად გამოწვეული მომენტალური დაბნეულობა გახდა. გუნდს სურდა, რომ ჰამილტონი ბოქსში ერთი წრის დაგვიანებით შესულიყო, რამაც მექანიკოსთა შორის დაბნეულობა გამოიწვია. და მათ საბურავების მომზადება ვერ მოასწრეს.
განმარტავს უიტმარში:
”აშკარა იყო, რომ რბოლისას არასაკმარისად სწრაფები ვიყავით. რუბენსი ბოქსში ლუისზე გვიან უნდა შესულიყო. ამიტომ, ლუისს რაც შეიძლება შორს უნდა მოეტოვებინა ის, რომ ტრასაზე დაბრუნების შემდეგაც შეენარჩუნებინა ლიდერობა. ჩვენ გვინდოდა, რომ პიტ სტოპი ერთი წრით მაინც დაგვეგვიანებინა. ეს ლუისს მეტ შანსს მისცემდა. მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაგვიჭიანურდა, რის გამოც, მექანიკოსებმა საბურავების მომზადება და დროულად გამოტანა ვერ მოასწრეს.
შეყოვნებამ შეიძლება ორი წამი დაგვაკარგვინა, მაგრამ ამ დროს რბოლის შედეგზე დიდი გავლენა არ მოუხდენია. ლუისს მეორე გაჩერება 37-ე წრეზე ჰქონდა დაგეგმილი, ჩვენ კი მოვინდომეთ, რომ ის ბოქსში ერთი წრით გვიან მოგვეწვია. ამ შემთხვევაში, იქ პირველი ჰეიკი კოვალაინენი შემოვიდოდა. იმ მომენტში ჰეიკი კიმისთან იბრძოდა, ლუისი კი - ბარიკელოსთან. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჯერ ჰეიკი შემოგვეყვანა. ვიფიქრეთ, რომ დაგვიანებული პიტ სტოპით ლუისს ლიდერობის შენარჩუნების შანსი ექნებოდა. მაგრამ ამის შესახებ მას გვიან ვაცნობეთ, ის უკვე ბოქსებში შემოდიოდა. მექანიკოსები კი ამისთვის მზად არ იყვნენ...
ეს ოპერატიული შეცდომაა, რაც უკეთესი შედეგის მიღწევის სურვილმა განაპირობა. მაგრამ ეს შეცოდმა რომც არ მოგვსვლოდა, ეს რბოლის საბოლოო შედეგს მაინც ვერ შეცვლიდა. ჩვენ ორი წამი ამ შეცდომის გამო დავკარგეთ, მაგრამ როცა რუბენსი ტრასაზე დაბრუნდა, ის ლუისს შვიდ წამს უგებდა. უფრო სწრაფი მანქანა რომ გვყოლოდა, სტრატეგიული პრობლემაც არ შეგვექმნებოდა”, - ამბობს უიტმარში.
იგივეს ადასტურებს ჰამილტონიც: ”პიტლაინისკენ გავემართე, თეთრი ზოლიც გადავკვეთე და გუნდში მაშინღა გაარკვიეს, რომ კიდევ ერთი წრის გავლა შემეძლო. მთხოვეს, შემოსვლა ერთი წრით გადამედო, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. მე ბოქსში შევედი, ისინი კი იქ ერთი წრით გვიან მელოდნენ”.
No comments:
Post a Comment