”ბრაუნს” კვლავ საბურავების გახურება უჭირს
Belgian GP
29 აგვისტო
ბელგიური დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლის წინ, ”ბრაუნის” შეფი როს ბრაუნი ოპტიმისტურად იყო განწყობილი, რადგან საბურავების გახურებასთან დაკავშირებული პრობლემები მოგვარებულად მიაჩნდა, მაგრამ კვალიფიკაციის შედეგებმა მისი ეს ოპტიმიზმი პესიმიზმით შეცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ რუბენს ბარიკელო სტარტს მეოთხე ადგილიდან აიღებს, ბრაუნი ამბობს, რომ მისი გუნდის ორივე პილოტი კვლავ ვერ ახერხებს რეზინის ოპტიმალურ ტემპერატურამდე გახურებას. ამიტომ, ბელგიის შემდეგ, გუნდს ისევ ამ პრობლემაზე მუშაობა მოუწევს.
”საბურავების გახურების პრობლემა ჩვენთვის კვლავ აქტუალურია. განსაკუთრებით ჯენსონს უჭირს. თავისუფალ პრაქტიკებზე თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ კვალიფიკაციის მსვლელობისას, პრობლემამ ისევ იჩინა თავი. მართალია, ის წინანდელივით სერიოზული არაა, მაგრამ ფაქტია, რომ ხელის შემშლელია. როცა მანქანა მძიმეა და რამდენიმე წრეს გაივლის, საბურავებიც ხურდება, მაგრამ ამას დრო უნდა, რბოლისას კი ამდენი ფუფუნების საშუალება არ გვექნება”, - სწუხს ბრაუნი.
გუნდის შეფი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ბატონის პრობლემები ნაწილობრივ მისი პილოტირების სტილთან იყოს დაკავშირებული - ბრიტანელი პილოტი მართვის რბილი მანერით გამოირჩევა და საბურავებს ყოველთვის ზოგავს. როცა მანქანა იდეალურად მუშაობს, ეს უპირატესობას იძლევა, მაგრამ როცა რეზინის გახურება პრობლემაა, მაშინ მას უფრო უჭირს, ვიდრე ბარიკელოს, ვინც მოსახვევებს უფრო აგრესიულად გადის.
No comments:
Post a Comment