ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Monday, August 31, 2009

ფიზიკელა, თუ ბადოერი?

Ferrari

31 აგვისტო

ბელგიის დიდი პრიზის შემდეგ, ფორმულა 1-ში ყველაზე აქტუალური თემა ”ფერარიში” ჯანკარლო ფიზიკელას (სურათზე) შესაძლო გადასვლაა, სადაც მან უმაქნისი ლუკა ბადოერი უნდა შეცვალოს. რბოლაში, რომელიც იტალიური საჯინიბოს პილოტის, მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონ კიმი რაიკონენის გამარჯვებით დასრულდა, ბადოერმა კი ისევ ბოლო ადგილი დაიკავა.

ბუნებრივია, გუნდი, რომელიც კონსტრუქტორთა პირველობაზე მესამე ადგილის დაკავებას ცდილობს, ბადოერისთანა ტვირთს დიდხანს ვერ აიტანს. ამიტომ, მარანელოელებისგან იტალიური ეტაპის წინ, ყველა სასწრაფო გადაწყვეტილებას ელის.

ფიზიკელა არ მალავს, რომ ”ფერარის” ბოლიდით ასპარეზობა მისი ოცნებაა. ბელგიაში კი მან საქმით დაამტკიცა, რომ შესანიშნავ ფორმაშია და მინიმუმ, მარანელოელებს მესამე ადგილის დაკავებაში დაეხმარება. ”სკუდერიაში” კი ჯერ ფიქრობენ. ამისთვის დრო ჯერ არის. ყოყმანის საფუძველი კი მათ აქვთ - თუ ახლა ბადოერს შეცვლიან, მეტი ცვლილების უფლება აღარ ექნებათ. ესე იგი, თუ ფიზიკელას მოიწვევენ, სეზონიც მასთან ერთად უნდა დაასრულონ. არადა, ფელიპე მასას სურს, რომ ამ სეზონშივე, ბრაზილიურ ეტაპზე დაუბრუნდეს რბოლას. მასა მორიგი სამედიცინო გამოკვლევისთვის ფლორიდაში იმყოფება და არაა გამორიცხული, რომ ”ფერარი” მისგან ელის ინფორმაციას. ასმის თაობაზე გუნდის შეფმა სტეფანო დომენიკალიმ განაცხადა.

სანამ რაიმე გაირკვეოდეს, ბადოერი ირწმუნება, რომ მონცაზე ქულებისთვის ბრძოლა შეუძლია. ისე, სპას შემდეგ, მას საკუთარი ნებით უნდა ეთქვა უარი შემდეგ რბოლაში გამოსვლაზე. მაგრამ ის დიდ გულზეა და თავის წარუმატებლობაში ნაწილობრივ იტალიურ პრესას ადანაშაულებს, რომლისგანაც თურმე მეტისმეტ ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდის. ბელგიაში თავის გამოსვლას კი პოზიტიურად აფასებს.

იცით, ბადოერმა ვალენსიაში თავისი კრახი რას დააბრალა? რას და იმას, რომ ქალაქის ქუჩებში ბეტონის კედლებიდან რამდენიმე სანტიმეტრში აწყვეტილმა უნდა იქროლო და თურმე ეს სახიფათო ყოფილა. ადვილი წარმოსადგენია, ტესტების დროს ”ფერარი” ასეთი პილოტისგან რა ძვირფას ინფორმაციას ღებულობს. და საინტერესოა, გუნდს ძირითად ტესტერად (მეორე ტესტ პილოტ მარკ ჟენს იშვიათად იყენებენ) ნორმალური პილოტი რომ ჰყავდეს, რამდენად სწრაფ მანქანას მოამზადებდა.

ბადოერს თავისი გაჭირვება ეყოფა, ჩვენ კი ფიზიკელას დავუბრუნდეთ. მის გაშვებასთან დაკავშირებით, ბიბისის კორესპონდენტს ”ფორს ინდიას” კომერციული დირექტორი იან ფილიპსი ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ინდური გუნდი ფიზიკოს ოცნების ასრულებაში ხელს არ შეუშლის.

მაგრამ არსებობს გარემოება, რომელმაც შეიძლება ეს გადასვლა შეაფერხოს. საქმე ისაა, რომ ამ სეზონის წინ, ”ფორს ინდიამ” ”ფერარისგან” ძრავების მიღებაზე უარი თქვა და კონტრაქტი ”მერსედეს-ბენცთან” გააფორმა. არადა, იტალიურ გუნდთან არსებული კონტრაქტით, ინდურ გუნდს მარანელოელების ძრავებით კიდევ ერთი სეზონი უნდა ესარგებლა. მოკლედ, ”ფორს ინდიას” ”ფერარის” ვალი აქვს და შესაძლოამ მისმა მფლობელმა ვიჯეი მალიამ ფიზიკელას გაშვების სანაცვლოდ, ამ ვალის ჩამოწერა მოითხოვოს. ეს ვარიანტი ნაწილობრივ მალიამ იმით დაადასტურა, რომ დღეს ფილიპსი ლაყბობისთვის გააკრიტიკა.

დაკიდევ, ფიზიკოს ”ფერარიში” გადასვლით კიდევ ერთი ადამიანი - ”ფორს ინდიას” ტესტ პილოტი, იტალიელი ვიტანტონიო ლიუცია დაინტერესებული, ვისაც ერთი სული აქვს, ინდურ გუნდში ფიზიკელა შეცვალოს და ამგვარად, ფორმულა 1-ს დაუბრუნდეს...

No comments:

Post a Comment