მასას დაბრუნება ეჩქარება
Felipe Massa
15 აგვისტო
ფელიპე მასას გამოჯანმრთელების პროცესი ძალიან სწრაფად მიმდინარეობს, რის გამოც, იტალიურ პრესაში უკვე გამოითქვა ვარაუდი იმისა, რომ შესაძლოა, ბრაზილიელი პილოტის რბოლაში დაბრუნების მომსწრენი მონცას ავტოდრომზე, იტალიის დიდ პრიზზე გავხდეთ.
გაზეთ ”კორიერე დელო სპორტის” ცნობით, სექტემბრის დასაწყისში მასა სან პაულუდან პარიზში გაფრინდება, სადაც საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) სამედიცინო კომისიაში ყველა სავალდებულო პროცედურას გაივლის, რომელთა შემდეგაც გადაწყდება, მისცემენ თუ არა იტალიურ ეტაპზე გამოსვლის უფლებას.
უკვე ის ფაქტი, რომ მასას მონცაზე გამოსვლის სურვილი აქვს, ნამდვილი სასწაულია. უნგრეთში ესოდენ მძიმე ტრავმის მიღების შემდეგ, ბევრი ფიქრობდა, რომ მსოფლიოს ვიცე ჩემპიონისთვის ეს სეზონი დასრულდა. მაგრამ როგორც ჩანს, მასა დიდხანს ლოდინს არ აპირებს.
თუ გავიხსენებთ იმას, რომ მიხაელ შუმახერმა რამდენიმე თვის წინ მიღებული, გაცილებით უმნიშვნლო ტრავმის გამო თქვა რბოლებში დაბრუნებაზე უარი, მასას სწრაფვა შეიძლება გმირობად ჩაითვალოს. ასეცაა თუნდაც მარტო იმიტომ, რომ ბრაზილიელ პილოტს აუცილებლად მოუწევს პოსტტრავმული ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვა. თუმცა, თუ ექიმები გადაწყვეტენ, რომ ფელიპე სრულადაა გამოჯანმრთელებული და ასე ადრე დაბრუნება მას საფრთხეს არ შეუქმნის, მონცაზე (13 სექტემბერს) მის გამოსვლას ხელს ვერაფერი შეუშლის.
დაკიდევ, არის ერთი გარემოება, რომლის გამოც მასა ჩემპიონატში დაბრუნებას ჩქარობს. ”მასას არ სურს მისი გუნდის საშინაო ეტაპის გამოტოვება. გარდა ამისა, დიდია ალბათობა იმისა, რომ მონცას რბოლის დღეებში, ”ფერარი” გამოაცხადებს, რომ მერმის მისი ერთ-ერთი ბოლიდის საჭეს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ესპანელი ფერნანდო ალონსო მიუჯდება”, - წერს ”კორიერე დელო სპორტი”.
მართალია, ჯერჯერობით მარანელოელებიც და ალონსოც დაჟინებით უარყოფენ მათი შესაძლო თანამშრომლობის შესაძლებლობას, მაგრამ ფორმულა 1-ის მოყვარულებს კარგად მოგვეხსენება, რომ კულუარებში გავრცელებული ხმები ძალიან ხშირად მართლდება ხოლმე. დღეს კი, ”ფერარიში” ალონსოს გადასვლის შანსს ის ფაქტიც აძლიერებს, რომ იმავე მონცაში, იტალიური გუნდი საზოგადოებას თავის ახალ სპონსორს - ესპანურ ბანკ ”სანტანდერს” წარუდგენს, რომელიც დღეს ”მაკლარენის” სპონსორია. ”სანტანდერი” კი უკვე რამდნიმე წელია, ალონსოს იტალიურ საჯინიბოში გადაყვანას ცდილობს...
No comments:
Post a Comment