ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Thursday, August 27, 2009

ალონსო, კუბიცა, როსბერგი და ჰაიდფელდი პილოტების ბაზარზე

silly season

27 აგვისტო

თანხმობის ახალი ხელშეკრულება ხელმოწერილია, ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდებსა და საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციას (FIA) შორის კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარდა, გუნდებმა უკვე დაიწყეს სამერმისო ჩემპიონატისთვის მანქანების მომზადება და რაღა თქმა უნდა, მათ უმეტესობას, შემადგენლობის საკითხიც გადასაწყვეტი აქვს.

პილოტების გუნდიდან გუნდში გადასვლის ”გიჟური სეზონი” (სილი სიზონი) დიდი ხნის დაწყებულია, ჭორები, მათ შორის, ბევრი საფუძვლიანი და ბევრიც უსაფუძვლო, დიდი სისწრაფით ვრცელდება, მაგრამ აშკარაა, რომ გადასვლების სეზონს ერთი მოლოდინი აყოვნებს და როგორც ამბობენ, ამ მოლოდინის დასრულების შემდეგ, ბევრი ახალი კონტრაქტი მოკლე ხანში დაიდება.

მოლოდინი კი იმისაა, რომ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ესპანელი ფერნანდო ალონსო (სურათზე) ”ფერარიში” უნდა გადავიდეს. ამ თემაზე ესპანურ რადიო ”ონდა სეროსთან” ”ფერარის” ბრაზილიელი პილოტის, ფელიპე მასას მამამ, ლუის ანტონიო მასამაც გამოთქვა თავისი მოსაზრება.

”მიხაელ შუმახერის სახით, ფელიპეს შესანიშნავი თანაგუნდელი ჰყავდა. კიმისთანაც კარგი ურთიერთობა აქვს. ის ძლიერი პილოტია და ფელიპეს მოტივაციას უძლიერებს. თუ მერმის ფელიპე და ფერნანდო ერთად იქნებიან, მათ საინტერესო მეტოქეობა ექნებათ. მათი პაექრობა კი არამარტო ფანებისთვის იქნება საინტერესო, არამედ თვითონ ფელიპესთვის და ფერნანდოსთვისაც”, - ამბობს უფროსი მასა.

ვალენსიაში დასმულ კითხვაზე, რომელ გუნდში იქნება მომავალ სეზონში, ალონსომ დამაინტრიგებელი პასუხი გასცა: ”ვინ იცის, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, რომელ გუნდს უკეთესი მომავალი აქვს. ბოლოსდაბოლოს, ლამის ყოველ კვირას გაიგებ, რომ ერთი გუნდი ჩემპიონატს ტოვებს, მეორე კი მის ადგილს იკავებს”.

მეორე კითხვაზე, თავის მომავალზე როდის აპირებს განცხადების გაკეთებას, ესპანელმა შემდეგი უპასუხა: ”ჯერაც სხვადასხვა ვარიანტზე ვფიქრობ. ჯერ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ამ კითხვაზე ერთ კვირაში პასუხი არ მექნება”. ამ პასუხით, ალონსო ფაქტობრივად ადასტურებს, რომ ”რენოდან” წასვლას ფიქრობს. და თუ ასეა, ფრანგული გუნდის ერთადერთი რეალური ალტერნატივა ”ფერარია”, რადგან ”მაკლარენში” ის არ დაბრუნდება, ”რედ ბული” დაკომპლექტებულია, ”ბრაუნი” კი მერმის ალბათ ისეთი ძლიერი აღარ იქნება, როგორიც ამ სეზონის დასაწყისში იყო.

ალონსოს წასვლა, გარკვეულწილად, ”რენოსაც” შეიძლება აწყობდეს. რატომ? იმიტომ, რომ კონტრაქტის დარღვევის გამო, ესპანელს სოლიდური კომპენსაციის გადახდა მოუწევს, რომელსაც, რა თქმა უნდა, მარანელოელები გადაიხდიან. ამ თანხას კი ”რენო” თავისი ბიუჯეტის შესავსებად გამოიყენებს - ამ კრიზისის დროს, მილიონები ზედმეტი არ იქნება.

ალონსოს სანაცვლოდ კი, ფლავიო ბრიატორეს არანაკლებ ნიჭიერი მრბოლის - პოლონელი რობერტ კუბიცას გადაბირების რეალური შანსი აქვს. მას შემდეგ, რაც ”ბეემვემ” ჩემპიონატიდან გასვლის შესახებ გამოაცხადა, კუბიცას მომავალი ბუნდოვანი გახდა. რა თქმა უნდა, პოლონელი პილოტი ახლა სწორედ იმაზე ზრუნავს, რომ უკეთეს გუნდში გადაბარგდეს. მაგრამ ბელგიაში მან ჟურნალისტებს მოკლედ განუცხადა, ამაზე ლაპარაკი ნაადრევიაო.

იგივე დღეშია მისი გერმანელი თანაგუნდელი ნიკ ჰაიდფელდიც, რომელიც თურმე ჯერაც ჩემპიონობაზე ოცნებობს, თუმცა შესაფერის გუნდში აშკარად არ იმყოფება და ვინ იცის, ვინ შეიფარებს. ბელგიაში მან გადაკვრით ისევ ალონსოს იტალიურ გუნდში გადასვლა ახსენა - არ მეგულება ვინმე, ვისაც არ სჯერა, რომ ალონსო ”ფერარიში” გადადის, მაგრამ მე ამაში 100 პროცენტით დარწმუნებული მაინც არ ვარო.

დაბოლოს, ნიკო როსბერგის შესახებაც ვთქვათ ორი სიტყვა. ისიც ჯერ ბევრს არაფერს ამბობს და მხოლოდ ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლება, მის ნაცვლად კი ”უილიამსის” თანამფლობელმა და საინჟინრო შტაბის შეფმა პატრიკ ჰედმა განაცხადა, რომ ნიკო მალე ალბათ ”მაკლარენში” გადაბარგდება: ”ნიკოს გუნდში სიამოვნებით დავიტოვებდით, მაგრამ როგორც ჩანს, მას სხვა გეგმები აქვს და ალბათ, მერმის ”მაკლარენში” გადავა”.

არაა გამორიცხული, რომ ”უილიამსში” როსბერგის ადგილი ფინელმა ჰეიკი კოვალაინენმა დაიკავოს, ვინც ორი წელია, ”მაკლარენში” მსოფლიო ჩემპიონის, ბრიტანელი ლუის ჰამილტონის პარტნიორია.

სხვათა შორის, ვალენსიური რბოლის წინ, ”მაკლარენის” შეფმა მარტინ უიტმარშმა ჰეიკის განუცხადა, რომ თუ გუნდში ადგილის შენარჩუნება სურს, უკეთესი შედეგები უნდა აჩვენოს. ევროპულ დიდ პრიზზე ფინელმა საკმაოდ კარგად იასპარეზა და ალბათ, მომდევნო ეტაპებზეც ასე იქნება მაგრამ როგორც ჩანს, მაინც წასვლა მოუწევს...

No comments:

Post a Comment