ალონსომ ”ფერარის” ნანატრი პოული მოუპოვა
Alonso ends Ferrari's pole drought
11 სექტემბერი
ორი წლის წინ, სეზონის ბოლო რბოლის, ბრაზილიის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა ბრაზილიელმა ფელიპე მასამ მოიგო, ვინც ჩემპიონობისთვის იბრძოდა. მას შემდეგ კი, 30 რბოლა ისე გავიდა, წითელ ბოლიდებს სტარტი პოულ პოზიციიდან არ აუღიათ. ამასთან, ”ფერარის” მანქანა 2004 წლის შემდეგ, პირველად დადგება იტალიური ეტაპის პოულზე.
და აი, იტალიელი ტიფოზების გასახარად, ესპანელმა ფერნანდო ალონსომ იტალიის დიდი პრიზის კვალიფიკაცია მოიგო. მან სულ რაღაც 0.122 წამით აჯობა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, ბრიტანელ ჯენსონ ბატონს. ორივე პილოტს ჰაერივით სჭირდება გამარჯვება, რათა სატიტულო მარათონის გაგრძელება შეძლოს. ამის კარგი შანსი მათ ექნებათ, რადგან ტიტულის მთავარი ფავორიტები - ბრიტანელი ლუის ჰამილტონი და ავსტრალიელი მარკ უებერი სტარტს მესამე რიგიდან აიღებენ.
სხვათა შორის, ბოლო 18 რბოლაში პირველად ხდება, რომ სტარტის პირველ რიგში ”რედ ბულის” მანქანა არ დადგება. ამასთან, ამ სეზონში ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც ავსტრიული გუნდის პილოტი პოულს ვერ იგებს.
”იმისათვის, რომ ტიტულისთვის ბრძოლის გაგრძელება შევძლოთ, მინიმუმ კვარცხლბეკზე ასვლა მჭირდება. ამჟამად, დიდ ზეწოლას ვერ ვგრძნობთ, რადგან მთელი სეზონის განმავლობაში, მდევრის როლში ყოფნა გვიწევს. მაგრამ არაფრით არ უნდა დავუშვათ, რომ მორიგი რბოლა დავასრულოთ უქულოდ”, - ამბობს ალონსო, ვინც იტალიელი მაყურებლის წინაშე, პირველად წარსდგა ”ფერარის” კომბინეზონში.
მსგავს მდგომარეობაშია ბეტონიც, ვინც მოწინავე სასტარტო რიგში ბოლოს თურქულ ეტაპზე იდგა. სხვათა შორის, ბატონმა თავის მანქანაზე აეროდინამიკური მილი დაიტოვა. მისგან განსხვავებით, ჰამილტონმა ის მოახსნევინა და ამით წაგებული დარჩა. ნარბოლევს მან განაცხადა, რომ მანქანას მოსახვევებში ძლივს იმორჩილებდა.
სხვათა შორის, ჩემპიონატის ყველაზე სწრაფ ტრასაზე, ფავორიტად ”მაკლარენი” იყო მიჩნეული და ამიტომ, ალონსოს და მასას სიჩქარით, ბატონი გაოცებული დარჩა: პირადად მე არ ველოდი, რომ ”ფერარი” აქ ასე სწრაფი იქნებოდაო, - განაცხადა მოქმედმა ჩემპიონმა.
იტალიის დიდი პრიზი
კვალიფიკაციის შედეგები
1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:21.962
2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:22.084
3. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:22.293
4. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:22.433
5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:22.623
6. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:22.675
7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:23.027
8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:23.037
9. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:23.039
10. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:23.328
- - - - - - - - - -
11. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:23.199
12. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:23.388
13. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:23.659
14. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:23.681
15. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:23.819
16. ხაიმე აკგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:23.919
17. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 1:24.044
- - - - - - - - - -
18. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:25.540
19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:25.742
20. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:25.774
21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:25.934
22. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:25.974
23. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:26.847
viva alonso!
ReplyDeleteაბა შენ იცი, გაგვიმართლე იმედები!