სინგაპურის ტრასის ერთი წრე მარკ უებერთან ერთად
23 სექტემბერი
მარკ უებერი (სურათზე, სინგაპურის შარშანდელი რბოლისას) მსოფლიო ჩემპიონატის ლიდერია და ბუნებრივია, მისი მონაყოლი იმის შესახებ, თუ როგორ გადის ერთ წრეს ტრასაზე, სადაც ფორმულა 1-ის მორიგი ეტაპი ჩატარდება, ყველაზე საინტერესოა. და ისიც, კომპანია ”რედ ბულის” დახმარებით, ამას დიდი სიამოვნებით, ჩვენთვის აკეთებს:
”სინგაპურის დიდი პრიზი შესანიშნავ ატმოსფეროში ტარდება - ეს რბოლა ხომ ღამით ტარდება და თანაც, ჩემს საქომაგოდ აქ ბევრი ავსტრალიელიც ჩამოდის...
ხუთკილომეტრიანი ტრასის ნაწილი ქალაქის ცენტრში გადის. მისი თავისებურება ისაა, რომ რბოლა საათის ისრის საპირისპიროდ გვიწევს. სულ 61 წრის გავლა გვიწევს, რბოლის სრული დისტანცია კი 309 კილომეტრია. ტრასას ოთხი ჩქაროსნული სწორი მონაკვეთი, შვიდი ნელი მოსახვევი და გასწრებისთვის სამი იდეალური ადგილი აქვს. მაქსიმალური სიჩქარე კი 297 კმ/სთ-ს აღწევს.
მაშ ასე, ვიწყებთ ღამის სინგაპურში რბოლას. აქ მუდმივი კონცენტრაციაა საჭირო, რადგან ასფალტი უსწორმასწოროა და შეცდომებს არ პატიობს. განსაკუთრებით, ეს პირველ სექტორს ეხება...
გავდივართ პირველ სექტორს და ვუახლოვდებით მეხუთე მოსახვევს. აქ შესასვლელის ოპტიმალური წერტილის პოვნა ძალიან ძნელია. მოსახვევი განიერია, თუმცა აქ ბევრი ბორცვაკიცაა... მთავარია, აქედან გამოსვლისას, შეცდომა არ დავუშვათ. ამის შემდეგ, რამდენჯერმე ესტაკადის ქვეშ გავივლით და ორ მცირე ტეხილს გავცდებით, სადაც საშინელი ბორცვაკებია. შემდეგ ინტენსიური დამუხრუჭება და...
ნელ მარცხენა მოსახვევს მეორე გადაცემით გავდივართ, შემდეგ მოკლე აჩქარება და ტრასის სხვა ნაწილში აღმოვჩნდებით, სადაც ორივე მხარეს ბეტონის კედლებია. აქ მარცხნივ უზარმაზარი ტრიბუნაა, რომელიც ყოველთვის მაყურებლითაა სავსე. შემდეგ ძალიან ვიწრო შიკეინია, რომლის წინაც ვამუხრუჭებთ. ვუახლოვდებით ხიდს, რომლის სწორად გავლაც სირთულეებს უკავშირდება. მთავარი კი ისაა, რომ აქედან ზუსტი ტრაექტორიით გამოვიდეთ.
ტრასა ძალიან კარგადაა განათებული, ყველა მოსახვევს კარგად ვარჩევთ. შემდეგ მარმარჯვენა მოსახვევია, რომლის წინაც მკვეთრად ვამუხრუჭებთ და მეორეთი გავდივართ. ამის შემდეგ, ბოლო სექტორი იწყება, რომელიც მთლიანად შიკეინებისგან შედგება.
No comments:
Post a Comment