”ლოტუსს” ”რენოს” ძრავები სურს
Lotus closing in on Renault deal
7 სექტემბერი
ფორმულა 1-ში დაბრუნებული ინგლისურ-მალაიზიური გუნდი ”ლოტუსი” თავისი ძველი პარტნიორის, ”რენოს” ძრავებზე გადასვლას აპირებს. ინგლისურ გამოცემა ”ავტოსპორტის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია, თუმცა ”ლოტუსს” მთავარი ბარიერის გადალახვა მოუწევს. მას ძრავების მწარმოებელ ინგლისურ კომპანია ”კოსუორტთან” სამწლიანი კონტრაქტი აკავშირებს და პირველ რიგში, სწორედ ამ კონტრაქტის დარღვევა (ორმხრივი თანხმობით) სჭირდება.
ძრავების გარდა, ”ლოტუსს” ”რენოსგან” გადაცემათა კოლოფები და სატრანსმისიო კვანძებიც სჭირდება. ეს ის ნაწილებია, რომელთა არასაიმედობის გამოც, ინგლისური გუნდის პილოტებმა მიმდინარე სეზონში რამდენიმე რბოლა ვერ დაასრულეს. თავიდან, ორ კომპანიას შორის მოლაპარაკება სწორედ კოლოფებსა და ტრანსმისიებზე დაიწყო. შემდეგ კი ფრანგებმა ”ლოტუსს” ძრავებიც შესთავაზეს.
მაგრამ ”კოსუორტთან” კონტრაქტის დარღვევა იოლი არ იქნება. ეს კომპანიაც ფ1-ში ამ სეზონიდან დაბრუნდა, რაშიც ხელი ფორმულა ერთის კომერციულ უფლებათა ბატონ-პატრონმა ბერნი ეკლსტოუნმა შეუწყო. დაბრუნების სანაცვლოდ, ”კოსუორტმა” ის პირობა წამოაყენა, რომ მინიმუმ ხუთი კლიენტი გუნდი უნდა ჰყოლოდა, რომლებიც მასთან მინიმუმ სამწლიან კონტრაქტს გააფორმებდნენ. ასეც მოხდა - ”კოსუორტმა” ოთხივე ახალ გუნდთან და ”უილიამსთან” გააფორმა კონტრაქტები. მაგრამ ერთი ახალი გუნდი - ამერიკული, ჩემპიონატში ვერ ჩაერთო. ამგვარად, ”კოსუორტს” ერთი დანაკლისი უკვე აქვს და საეჭვოა, ფულად ანაზღაურების გარეშე, მეორე დანაკარგიც აიტანოს.
No comments:
Post a Comment