FIA-მ მეცამეტე გუნდზე უარი თქვა
FIA decides against new team for 2011
9 სექტემბერი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) გამოაცხადა, რომ მომავალი სეზონიდან, ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდების რაოდენობა აღარ გაიზრდება. ესე იგი, მომავალი სეზონის რბოლებშიც, სტარტზე 24 მანქანა დადგება ხოლმე.
ადრინდელი გადაწყვეტილებით, FIA მე-13 გუნდის დამატებას აპირებდა, რისთვისაც ტენდერი იყო გამოცხადებული, მაგრამ განაცხადების შემსწავლელმა კომისიამ არცერთი ორგანიზაციის პირობები არ მოიწონა. ცნობისათვის, შარშან მე-13 გუნდის სტატუსი ამერიკულმა US F1-მა მიიღო, მაგრამ ჩემპიონატისთვის მომზადება ვერ მოასწრო, რისთვისაც ლიცენზია გაუუქმდა.
ამჯერად, ვაკანსიის შევსება რამდენიმე გამოცდილ გუნდს სურდა. მათ შორის იყო ფორმულა 1-ის 1997 წლის კანადელი ჩემპიონის, ჟაკ ვილნვის და იტალიურ გუნდ ”დურანგოს” ალიანსი, ასევე ესპანური ”ეპსილონ ეუსკადი”. მართალია, ამ უკანასკნელს განაცხადი დაუწუნეს, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ მომავალი სეზონისთვის, მან ალიანსი ფორმულა 1-ის ესპანურ ახალბედა ”ისპანიასთან” შექმნას.
ფორმულა 1-ში შეღწევის სურვილი ასევე ჰქონდათ სერია GP2-ის და ფორმულა 3-ის სხვადასხვა ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულ გუნდ ART-ს, ამერიკულ ”ციფერს”, ინგლისურ ”პროდრაივსა” და ”ლოლას”, რომლებსაც ადრეც არაერთხელ უაქტიურიათ ფორმულა 1-ში შესაღწევად.
No comments:
Post a Comment