ედი ჯორდანი შუმახრს თავისი გუნდიდან დაითხოვდა
Eddie Jordan Would Fire Schumacher
30 სექტემბერი
კიდევ კარგი, ედი ჯორდანი ”მერსედეს GP-ს” შეფი არაა, თორემ ის სეზონის დასრულებამდე გუნდს დაატოვებინებდა ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონს, გერმანელ მიხაელ შუმახერს. არადა, ეს ის პიროვნებაა, ვინც ჯერ კიდევ ყველასათვის უცნობი შუმახერი აღმოაჩინა და ფორმულა 1-ში დებიუტის საშუალება თავისი გუნდის მანქანით მისცა.
სამწლიანი უქმეობის შემდეგ, შუმახერი ამ სეზონში დაუბრუნდა დიდი პრიზების ცირკს. მისგან ყველა ისევ გამარჯვებებს ელოდა, მაგრამ ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე წარმატებულმა პილოტმა, კვარცხლბეკზე ერთხელ ასვლაც კი ვერ შეძლო. უფრო მეტიც, ის თითქმის ყველა რბოლასა და კვალიფიკაციას აგებს თავი ახალგაზრდა თანაგუნდელ ნიკო როსბერგთან.
სინგაპურის დიდი პრიზი შუმახერმა მე-13 ადგილზე დაასრულა, რამაც ედი ჯორდანს მოთმინება აუვსო და მან ”ფერარის” ყოფილი პილოტის ღია კრიტიკას მიჰყო ხელი. ის ამბობს, რომ შუმახერმა დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც ფ1-ში დაბრუნება გადაწყვიტა.
ჯორდანი თვლის, რომ ჩემპიონის ძველი დიდებაა ის ფაქტორი, რომელიც შუმახერს გუნდში ადგილს უნარჩუნებს. მისი თქმით, შუმახერი მისი გუნდის პილოტი რომ ყოფილიყო, აქამდე დათხოვნილი ეყოლებოდა.
”მიხაელ შუმახერის ადგილზე სხვა რომ იყოს, იმ შედეგების გამო, რაც მას ამ სეზონში აქვს, ის შემდეგ სეზონში ადგილს ვერ შეინარჩუნებდა. მე ვფიქრობ, რომ მას არავინ დაიტოვებდა. ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, აქამდე გუნდიდან დავითხოვდი. სინგაპურში მისი გამოსვლა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა”, - ამბობს ჯორდანი.
No comments:
Post a Comment