ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Sunday, September 26, 2010

ალონსო სინგაპურშიც პირველია

Brilliant Alonso holds off Vettel in Singapore

26 სექტემბერი

ალონსო სინგაპურის დიდი პრიზით ხელში

..............................

ფერნანდო ალონსო აღარ ხუმრობს. მიუხედავად იმისა, რომ სეზონის პირველ ნახევარში, მანქანის არაკონკურენტუნარიანობის გამო, მეტოქეთა ჩრდილში იმყოფებოდა, ახლა ერთბაშად ტიტულის რეალურ მაძიებლად მოგვევლინა. სინგაპურის დიდ პრიზზე მან სტარტიდან ფინიშამდე ილიდერა და ზედიზედ მეორე გამარჯვებით, სალიდერო ზონას ერთი ხელის გაწვდენაზე მიუახლოვდა.

მართალია, ავსტრალიელმა მარკ უებერმა სინგაპურის შემდეგ, უახლოეს მდევართან უპირატესობა 5-დან 11 ქულამდე გაზარდა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ალონსო შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და იტალიის და სინგაპურის რბოლების შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ ”ფერარის” მანქანა მას ნებისმიერ ტრასაზე გამარჯვებისთვის ბრძოლის საშუალებას აძლევს. თუმცა, არსებობს ერთი სერიოზული გარემოება, რომელიც ესპანელს საჩემპიონო ბრძოლაში ალბათ ხელს შეუშლის.

ეს გარემოება კი ძრავების ლიმიტია, რომელიც ”ფერარის” ორივე მანქანაზე უკვე ამოწურული აქვს. ეს კი ნიშნავს, რომ ყოველი ახალი ძრავი გამოყენების შემთხვევაში, ალონსოს სტარტზე 10 ადგილით უკან დასწევენ. მაგრამ სანამ ეს მოხდებოდეს, ესპანელი პილოტი უებერისთვის ყველაზე სერიოზული მეტოქე იქნება.

ალონსომ ლიდერობა სტარტზე დაძაბული პაექრობაში შეინარჩუნა

..............................

ალონსომ სტარტი პოულიდან აიღო, ფინიშამდე წინ არავინ გაუშვია და თანაც, უსწრაფესი წრეც მის ანგარიშზეა. ყოვლივე იმაზე მეტყველებს, რომ ისიც და ”ფერარიც” შესანიშნავ ფორმაში არიან. ისიც უნდა ითქვას, რომ ალონსოს სტარტზე მოწინავე პოზიციის შენარჩუნება გაუჭირდა. სებასტიან ფეტელმა მასზე ოდნავ უკეთესი სტარტი აიღო და სასტარტო რიგის მარცხენა კიდიდან სცადა გასწრება. ალონსომ ეს დროზე შენიშნა და თავისი მანქანა სწორედ ფეტელის მხარეს მიმართა და მეტოქეს გასასვლელი ჩაუკეტა. გერმანელმა თავისი ”რედ ბული” უცებ მარჯვნივ მიმართა, მაგრამ მიმართულების შეცვლისას სიჩქარე დაკარგა და ალონსოს გასწრებას ვინ ჩივის, ლამის ლუის ჰამილტონის უკანაც აღმოჩნდა.

მეორე წრეზე მომხდარი ავარიის შემდეგ, იტალიელი ვიტანტონიო ლიუცის ”ფორს ინდია” სახიფათო ადგილზე ჩარჩა, რის გამოც, ტრასაზე პეისკარი გამოვიდა. ლიდერთაგან ეს მომენტი მხოლოდ უებერმა გამოიყენა, ვინც ბოქსში პირველი შევიდა. მაგრამ როგორც გაირკვა, ეს მცდარი სვლა იყო, რადგან ტრასაზე მაგარი საბურავებით დაბრუნებულ ავსტრალიელის წინ, რამდენიმე შედარებით ნელი მანქანა აღმოჩნდა, რომლებმაც მისი ტემპი შეამცირეს. თუმცა, საბოლოოდ, უებერს სწორედ ამ სვლამ მოაპოვებინა ის მესამე ადგილი, რომელმაც საჩემპიონო ბრძოლაში მას უპირატესობის გაზრდის საშუალება მისცა.

მაგრამ, სანამ ეს მოხდებოდა, ლიდერებმა რეზინის შეცვლა შუა რბოლაში ინებეს. იქიდან დაბრუნებულმა ალონსომ და ფეტელმა მოწინავე პოზიციები კი შეინარჩუნეს, მაგრამ ჰამილტონს უებერმა გაასწრო. ლიდერები ტრასაზე ახალი დაბრუნებულები იყვნენ, რომ მორიგი ავარია მოხდა და პელოტონს სათავეში ისევ პეისკარი ჩაუდგა. ამ დროს უებერი უკვე მესამეზე იყო. ოღონდ, მის წინ ”ვირჯინის” ორი ბოლიდიც აღმოჩნდა, რომლებიც ლიდერებს უკვე წრეზე ჰყავდათ ჩამოტოვებული. სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა, რბოლის შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა.

უებერმა ტიმო გლოკს იოლად გაუარა, მაგრამ ლუკას დი გრასის უკან ჩარჩა და სანამ მის გასწრებას ”გაბედავდა”, ჰამილტონმა დრო იხელთა და გვერდში ამოუდგა. ერთ მომენტში ბრიტანელის მანქანა ავსტრალიელისაზე ნახევარი კორპუსით წინ აღმოჩნდა, თუმცა აპექსში ისინი ერთმანეთს გაუსწორდნენ და გამოსვლისას შეჯახებაც მოხდა. უებერის მანქანა მოსახვევის შიდა რადიუსზე მოძრაობდა და ოზმაც მანქანა ადვილად დაიმორჩილა, ჰამილტონმა კი ბორდიურზე გაიარა და როგორც ჩანს, ამ დროს, მისი მანქანა დაზიანდა. ბრიტანელისთვის ზედიზედ მეორე რბოლა უქულოდ დასრულდა, რამაც ის, რა თქმა უნდა, ძლიერ ფაანაწყენა. სტიუარდებმა მომხდარი განიხილეს და ის ჩვეულებრივ სარბოლო ინციდენტად ჩათვალეს, რის გამოც, უებერი სანქციას გადაურჩა. ამის შემდეგ, მას მესამე ადგილის შენარჩუნება აღარ გასჭირვებია.

”წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდა. მარკს ვერ ვხედავდი. ამიტომ, წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ის ჯერაც ჩემს გვერდით იყო. მოსახვევში შევედი, ირგვლივ ვერავის ვამჩნევდი, შემდეგ კი შევნიშნე, რომ ჩემი საბურავი დაშვებული იყო”, - განაცხადა ჰამილტონმა, ვინც სინგაპურული რბოლის შემდეგ მესამეზე გადაინაცვლა და ახლა უკვე, ლიდერ უებერს 20 ქულით ჩამორჩება.

ამგვარად, უებერს 202 ქულა დაუგროვდა და ის ალონსოს 11 ქულით უსწრებს. ფეტელმა, ვინც მუხრუჭებთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, ალონსოსთან ფინიშზე მხოლოდ 0.293 წამი წააგო, მეოთხეზე გადაინაცვლა. ჰამილტონს ის ერთადერთი ქულით ჩამორჩება. მეხუთეზე კი ჯენსონ ბატონია, ვინც სინგაპურის ფინიშის ხაზი მეოთხემ გადაკვეთა. მსოფლიოს ჯერაც მოქმედი ჩემპიონი ლიდერისგან 25 ქულაშია.

სინგაპურის დიდი პრიზი

სინგაპური. წრის სიგრძე 5.073 კმ, 61 წრე, რბოლის დისტანცია 309.316 კმ

1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:57:53.579

2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) +00:00.293

3. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 00:29.141

4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 00:30.384

5. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 00:49.394

6. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 00:56.101

7. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 01:26.559

8. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 01:52.416

9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 01:52.791

10. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 01:53.297

11. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1 წრე

12. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1 წრე

13. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1 წრე

14. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1 წრე

15. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 2 წრე

16. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 3 წრე

გ. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 13 წრე

გ. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, ზაუბერი) 26 წრე

გ. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 27 წრე

გ. კრისტიან კლინი (ავსტრია, ისპანია) 31 წრე

გ. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 32 წრე

გ. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 33 წრე

გ. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 35 წრე

გ. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 61 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: ფერნანდო ალონსო - 1:47.976, 58-ე წრე

პილოტების კლასიფიკაცია

1. მარკ უებერი - 202 ქულა; 2. ფერნანდო ალონსო - 191; 3. ლუის ჰამილტონი - 182; 4. სებასტიან ფეტელი - 181; 5. ჯენსონ ბატონი - 177; 6. ფელიპე მასა - 125; 7. ნიკო როსბერგი - 122; 8. რობერტ კუბიცა - 114; 9. ადრიან სუტილი - 49; 10. მიხაელ შუმახერი - 46; 11. რუბენს ბარიკელო - 39; 12. კამუი კობაიაში - 21; 13. ვიტალი პეტროვი - 19; 14. ნიკო ჰულკენბერგი - 18; 15. ვიტანტონიო ლიუცი - 13; 16. სებასტიან ბუემი - 7; 17. პედრო დე ლა როსა (ესპაბეთი, ზაუბერი) - 6; 18. ხაიმე ალგერსუარი - 3

კონსტრუქტორთა პირველობა

1. რედ ბულ-რენო - 383 ქულა; 2. მაკლარენ-მერსედესი - 359; 3. ფერარი - 316; 4. მერსედესი - 168; 5. რენო - 133; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 62; 7. უილიამს-კოსუორტი - 57; 8. ზაუბერ-ფერარი - 27; 9. ტორო როსო-ფერარი - 10

No comments:

Post a Comment