”ლოტუსმა” თავისი ბოლიდი ლონდონში გაგვაცნო
Lotus launches 2010 car in London
13 თებერვალი
არნო ტრული (მარცხნივ) და ჰეიკი კოვალაინენი ”ლოტუს T127-ის” პრეზენტაციაზეფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს შორის, ”ლოტუსი” ჯერჯერობით ბოლოა, რომელმაც საზოგადოებას თავისი სარბოლი ავტომობილი - T127 წარუდგინა. პრეზენტაცია ლონდონში ჩატარდა.
ავტომობილის სახელწოდება მიგვანიშნებს, რომ ”ლოტუსი” ამავე სახელწოდების მქონე ლეგენდარული გუნდის შთამომავალია. ძველმა გუნდმა, რომელიც 60-იან წლებში ლეგენდარულმა ბრიტანელმა კონსტრუქტორმა კოლინ ჩეპმენმა ჩამოაყალიბა, ფორმულა 1 1994 წლის სეზონის ბოლოს დატოვა. დღეს კი ის მალაიზიელებმა აღადგინეს. ცნობისათვის, სპორტული ავტომობილების მწარმოებელი ინგლისური კომპანია ”ლოტუსი” დღეს მალაიზიურ საავტომობილო კომპანია ”პროტონის” მფლობელობაში შედის.
”რასაც ახლა განვიცდი, სიტყვებით იმის წარმოთქმა შეუძლებელია. ფ1-ის ლიცენზია რომ ავიღეთ, მაშინ ჰაინგჰემში მხოლოდ ხუთნი ვმუშაობდით, დღეს კი ეს ავტომობილი წარმოგიდგინეთ. ეს ნამდვილი საოცრებაა. კლაივმა (ჩეპმენმა) მითხრა, რომ ეს მომენტი იმ დღეს ჰგავს, როდესაც ”ლოტუსი” პირველ ნაბიჯებს დგამდაო. ეს მართლაც ისტორიული მომენტია”, - განაცხადა ”ლოტუსის” შეფმა, მალაიზიელმა ბიზნესმენმა ტონი ფერნანდესმა.
”თავიდანვე ვიცოდით, რომ დიდ საქმეს შევეჭიდეთ. ლეგენდა, რომლის დიდებაც ახლა ჩვენი მხრებით უნდა ვატაროთ, ისეთმა დიდმა მრბოლებმა შექმნეს, როგორებიც ჯიმ კლარკი, სტირლინგ მოსი, გრემ ჰილი და ნაიჯელ მენსელი არიან. დიდი გზა გვაქვს გასავლელი და იმავდროულად, დიდი პატივი გვერგო, რომ ამ გუნდის ლეგენდარული ისტორიის ნაწილი ვხდებით. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ დიდი ისტორიის ღირსეული გამგრძელებლები გავხდეთ”, - დასძენს ფერნანდესი.
მანქანა პირვერლად ტრასაზე პრეზენტაციის წინა დღეებში, სილვერსტოუნზე გამოვიდა, მომავალ კვირაში კი ”ლოტუსი” მის ტესტირებას სხვა გუნდებთან ერთად, ესპანეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ ხერესის ”დელა ფრონტერაზე” დაიწყებს.
მომავალ სეზონში, ”ლოტუსის” მანქანებით ჩემპიონატში მონაწილეობას იტალიელი იარნო ტრული და ფინელი ჰეიკი კოვალაინენი მიიღებენ. გუნდის ტესტ და სათადარიგო პილოტი კი მალაიზიელი ფაირუზ ფაუზი იქნება.
”ლოტუსის” სარბოლი ავტომობილი T127 ცნობილი ინგლისელი ინჟინრის, მაიკ გასკოინის ხელმძღვანელობით შეიქმნა. გასკოინი ფორმულა 1-ში მომუშავე ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი კონსტრუქტორია. თავის დროზე, ის ”მაკლარენში”, ”ზაუბერსა” და ”ტირელში” მუშაობდა, შემდეგ ”ჯორდანში”, ”რენოში”, ”ტოიოტასა” და ”ფორს ინდიაში” ტექნიკური დირექტორის პოსტებზე მუშაობდა. იაპონურ გუნდში მუშაობისას, მისი წლიური ხელფასი 8 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც ფორმულა 1-ის ისტორიაში (ტექნიკური დირექტორებისთვის) სარეკორდო ანაზღაურება იყო.
”ჩვენი მთავარი ამოცანა ჩემპიონატის სტარტზე გამოსვლა იყო, რასაც მივაღწიეთ. ახლა მთავარია, პროფესიულ სტანდარტს მივაღწიოთ, შემდეგ კი უფრო სოლიდურ მიზნებსაც დავისახავთ. რა თქმა უნდა, სეზონის განმავლობაში, მანქანას აეროდინამიკური მილის დახმარებით დავხვეწავთ, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება”, - განაცხადა გასკოინმა.
No comments:
Post a Comment