ფეტელი - ”ფერარის” ფავორიტობაზე ლაპარაკი ნაადრევია
Too early to say Ferrari in front – Vettel
25 თებერვალი
”რედ ბულ რეისინგის” გერმანელი პილოტი სებასტიან ფეტელი აცხადებს, რომ ”ფერარის” ლიდერობაზე ამ ეტაპზე ლაპარაკი ნაადრევია და რომ ძალთა რეალური განლაგების მოწმენი ჩემპიონატის დაწყების შემდეგ გავხდებით.
ვალენსიასა და ხერესში ჩატარებულმა ტესტებმა გამოავლინა, რომ ”ფერარი F10” სწრაფი და საიმედო მანქანაა, თუმცა ფეტელი დარწმუნებულია, რომ ჩემპიონის ტიტულისთვის მინიმუმ ოთხი გუნდი იბრძოლებს. ეს გუნდები კი, ”რედ ბულის” და ”ფერარის” გარდა, ”მაკლარენი” და ”მერსედესია”.
”ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ”ფერარიმ” ძალიან კარგი მანქანა მოამზადა. მაგრამ ყველა ძლიერი გუნდი ასევე კარგადაა მომზადებული და თავიანთ მანქანებს ისინიც აუმჯობესებენ. დღეს კი ძნელია იმის თქმა, რომელი გუნდი განვითარების რა დონეზე იმყოფება”, - ავსტრიულ ”ზალცბურგერ ნახრიხტენთან” საუბრისას განაცხადა 22 წლის ფეტელმა (სურათზე).
სხვათა შორის, ხერესში ტესტირების დროს, ფეტელს ერთ მომენტში მსოფლიოს ჩემპიონ ჯენსონ ბატონს ”მერსედესის” უკან სვლა უწევდა, ბოქსში დაბრუნების შემდეგ კი, ”ბილდ ამ ზონტაგთან” საუბრისას განაცხადა, რომ ”სამქიმიანების” W01-ის უკანა ნაწილი ”ნერვიულად გამოიყურებოდა” და ისე ეტყობოდა, რომ მუხრუჭები ეფექტურად ვერ მუშაობდა.
”ბილდ ამ ზონტაგივე” წერს, რომ ჯერჯერობით, ვარჯიშებზე საუკეთესოდ ”ფერარი” გამოიყურება, რომელსაც კვალში ”რედ ბული”, ”მაკლარენი”, ”მერსედესი” და ”ფორს ინდია” უდგანან. ინდური გუნდის შანსებზე, მისმა გერმანელმა პილოტმა ადრიან სუტილმა განაცხადა, ჩვენს გუნდზე ფსონის ჩამოსასვლელად მზად ვარო.
პარალელურად, შვეიცარულ გაზეთ ”ბლიკთან” საუბრისას, პეტერ ზაუბერმა აღნიშნა, რომ აშკარად იგრძნობა ”ტორო როსოს” პროგრესი. კარგ განწყობაზეა იტალიური გუნდის ესპანელი პილოტი ხაიმე ალგერსუარი, ვინც გვპირდება, რომ ამ სეზონში მის ნიჭს სრულად ვიხილავთ და რომ ბევრს გააკვირვებს. მისი აზრით, ამჟამად ტოპ გუნდები ”ფერარი”, ”რედ ბული” და ”მაკლარენია”, ”მერსედესზე” კი რაიმეს თქმა უჭირს.
”ვფიქრობ, ჩვენი გუნდი ”რენოსა” და ”ზაუბერის” დონეზეა. ახლა ”მერსედესზე” ლაპარაკი არ შემიძლია, რადგან არ ვიცი, ტესტებზე რამდენად იყო მათი ავზები შევსებული. ისინი ლიდერებს ხან სამი-ოთხი წამით ჩამორჩებოდნენ, ხან კი ყველაზე სწრაფები იყვნენ”, - ამბობს ალგერსუარი.
No comments:
Post a Comment