”ფორს ინდიას” ამბიციები გაეზარდა
Force India eyes more podiums in 2010
7 თებერვალი
ისევე როგორც ფორმულა 1-ის ახალწვეულმა ”ვირჯინ რეისინგმა”, ინგლისის სილვერსტოუნში ბაზირებულმა ინდურმა ”ფორს ინდიამაც” თავისი ახალი ბოლიდის - VJM03-ის პრეზენტაცია ვირტუალურ სამყაროში, ინტერნეტით ჩაატარა.
პრეზენტაციაზე, გუნდის შეფმა ვიჯეი მალიამ (მანქანის აბრევიატურა სწორედ მისი სახელისა და გვარის პირველი ასოების კომბინაციაა) განაცხადა, რომ ახალ სეზონში, მისი საჯინიბო შარშანდელი მიღწევების გაუმჯობესებას - მეტი ქულის მოპოვებას და კვარცხლბეკზე უფრო ხშირად ასვლას გეგმავს.
”ფორს ინდიასთვის” გასული სეზონი იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ გუნდმა პირველი პოულ პოზიცია მოიპოვა და პირველად დაიკავა ადგილი კვარცხლბეკზე. ახლა კი წინსვლის იმედი აქვს, რისი ერთ-ერთი საფუძველიც ”მერსედეს ბენცის” ძრავი და ის გარემოებაა, რომ შარშან გუნდი სეზონის განმავლობაში მაღალი ტემპით ვითარდებოდა.
”ჩვენი მიზანი წინსვლის გაგრძელებაა. გასული სეზონი ჩვენთვის გამორჩეული იყო. ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს: ერთი კვარცხლბეკი, ერთი პოული, ერთი უსწრაფესი წრე, 13 ფინიში მოწინავე ათეულში და 13 ქულა. თანაც, დიდი გამოცდილება დავაგროვეთ და თვისობრივადაც, აშკარად უკეთესი გუნდი გავხდით. ვიმედოვნებ, რომ წინსვლას ახალ სეზონშიც გავაგრძელებთ. ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი კვარცხლბეკით და ამდენივე პოულით ვამაყოფთ, თუმცა იმედი მაქვს, რომ მერმის ამ დროს უფრო მეტზე ლაპარაკს შევძლებ. რატომაც არა?” - ამბობს მალია.
გუნდის მთავარი ინჟინერი მარკ სმიტი დასძენს, რომ ახალი მანქანა შარშანდელის ევოლუციური ვარიანტია: ”VJM03 შარშანდელი მანქანის, მისი კონსტრუქციის ფილოსოფიის ევოლუციური ვერსიაა. VJM02 კარგი მანქანა იყო და ამიტომაც, ჩვენ მისი განვითარება გადავწყვიტეთ და არა ახალი მანქანის შექმნა. მთავარი ცვლილება ტექნიკურმა რეგლამენტმა გვიკარნახა. რბოლისას მანქანის საწვავით გაწყობის აკრძალვამ, საწვავის ავზების ორჯერ გაზრდა მოითხოვა, რასაც მანქანის საბაზო მონაცემების შეცვლა გამოიწვია. ჩვენ ორი ვარიანტიდან უნდა აგვერჩია, რა გზით წავსულიყავით - მანქანა ან ძალიან უნდა დაგვეგრძელებინა, ან გაგვეგანიერებინა, ან, როგორც ჩვენ მოვიქეცით, ორივე ერთდროულად უნდა გაგვეკეთებინა. შეიცვალა მექანიკური და აეროდინამიკური ნაწილი. რა თქმა უნდა, ვიზრუნეთ იმაზეც, რომ დიფუზორამდე ჰაერის მაქსიმალურად მოწესრიგებულმა ნაკადმა მიაღწიოს”, - ამბობს სმიტი და იმედოვნებს, რომ VJM03 სხვადასხვა ტიპის ტრასებს ადვილად მიესადაგება. ცნობისათვის, VJM02 არცთუ კარგი აეროდინამიკით ხასიათდებოდა, რის გამოც, იმ ტრასებზე იყო კონკურენტული, რომლებიც აეროდინამიკისადმი ნაკლებად მომთხოვნია.
No comments:
Post a Comment