FIA-მ ახალი რეგლამენტი დაამტკიცა
FIA to keep fuel weights secret
11 თებერვალი
როგორც მოსალოდნელი იყო, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ ფორმულა 1-ის ტექნიკური რეგლამენტის ახალი ვერსია დაამტკიცა. რეგლამენტში რამდენიმე პუნქტია შეცვლილი, რომლებიც ქულათა სისტემას და რბოლების დროს საბურავების გამოყენების წესებს ეხება. ასევე შეცვლილია რამდენიმე უმნიშვნელო პუნქტი.
კერძოდ, რბოლების წინ აღარ გამოქვეყნდება მანქანების წონები, რაც გასულ სეზონში სავალდებულო იყო. რამდენადაც რბოლის დროს საწვავის შევსება აიკრძალა, წესით მანქანების წონებიც საინტერესო აღარ უნდა იყოს. არადა, წონის გამოქვეყნების შემთხვევაში, იმის დაახლოებით გამოთვლა მაინც შეიძლება, თუ რამდენად ეკონომიურად მოიხმარს საწვავს ამა თუ იმ კომპანიის მიერ შექმნილი ძრავი.
ასევე იკრძალება პიტ სტოპის დროს მანქანის ავტომატური დანადგარებით აწევა. ისევე როგორც 80-იან და 90-იან წლებში, საბურავების შეცვლისას, გუნდების პერსონალები ეგრეთ წოდებულ ხელის დომკრატებს გამოიყენებენ.
დამტკიცდა ქულების დარიცხვის ახალი სისტემა, რომლის მიხედვითაც, ქულებს ის პილოტები მიიღებენ, რომლებიც რბოლებს მოწინავე ათეულში დაამთავრებენ. გამარჯვებული 25 ქულას მიიღებს, მეორეადგილოსანი 18-ს და ასე შემდეგ (სისტემით25-18-15-12-10-8-6-4-2-1).
ცვლილებებია საბურავების წესებშიც. კერძოდ, ის პილოტები, რომლებიც კვალიფიკაციის მესამე სესიაზე იასპარეზებენ, რბოლას იმავე საბურავებით დაიწყებენ, რომლითაც საკვალიფიკაციო საუკეთესო დროს დააფიქსირებენ. თუ კვალიფიკაციის დროს ერთი ან რომელიმე საბურავი დაზიანდება, სრული კომპლექტის შეცვლის საკითხს სპეციალური ტექნიკური კომისია გადაწყვეტს.
გუნდებს დამატებითი ტესტების უფლება მიეცემათ იმ შემთხვევისთვის, თუ მათ სეზონის მსვლელობისას პილოტის შეცვლა მოუწევთ. დამატებით ტესტებზე კი მხოლოდ ახალწვეულები მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, ტესტები მხოლოდ იმ ტრასაზე იქნება დაშვებული, რომელზეც ჩემპიონატის რბოლა არ ტარდება. თუ ასეთ ტესტზე, შემცვლელი პილოტი ტრასაზე არ გამოვა, შესაბამის გუნდს, სეზონის შემდეგ, ერთი სატესტო დღე დააკლდება.
მცირე ცვლილებაა პუნქტში, რომელიც სეზონის განმავლობაში, ძრავების გამოყენებას განსაზღვრავს. სეზონზე ერთ პილოტს ისევ მხოლოდ 8 ძრავის გამოყენების უფლება აქვს. ყოველი ზედმეტი აგრეგატისთვის, მას რბოლის სასტარტო რიგში 10 ადგილის დათმობა მოუწევს. თუ ერთ რბოლაზე პილოტი ორჯერ გადააჭარბებს ლიმიტს, თითო გადაჭარბებაზე ის 10 ადგილს დაკარგავს.
კიდევ ერთი ცვლილება რბოლისწინა მოსათელ წრეს ეხება. თუ ასეთ წრეზე, რაიმე მიზეზით, პილოტი ადგილს დაკარგავს, მას მისი დაბრუნების უფლება მანამ აქვს, სანამ პიტლეინზე შესასვლელის ხაზს გადაკვეთავდეს.
FIA -მ ასევე დაამტკიცა სია მანქანის დეტალებისა, რომელთა ჰომოლოგირება სავალდებულოა. ამასთან, ამ დეტალების კონსტრუქციის შეცვლა არ შეიძლება, თუ ცვლილება საიმედოობის გაუმჯობესებასა და უსაფრთხოებასთან არაა დაკავშირებული.
No comments:
Post a Comment