ბატონი პროგნოზებს მომავლისთვის იტოვებს
Button reserves judgement on new McLaren
5 თებერვალი
ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონი, ბრიტანელი ჯენსონ ბატონი თავისი ახალი გუნდის, ”მაკლარენის” ახალი MP4-25-ის საჭეს პირველად ოთხშაბათს მიუჯდა და ვალენსიას გარეუბან კესტეში მდებარე, რიკარდო ტორმოს სახელობის ავტოდრომზე 82 წრის გავლის შემდეგ განაცხადა, რომ ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, მისცემს თუ არა ეს მანქანა ტიტულის დასაცავად ბრძოლის საშუალებას.
ბატონმა თავის პირველ ვარჯიშზე მეხუთე დრო აჩვენა და განაცხადა, რომ ეს მისთვის საკმაოდ ძნელი დღე იყო, რადგან მანქანას თავიდანვე ვერ მოერგო და მთელი დღე იმას მოანდომა, რომ კოკპიტში თავი კომფორტულად ეგრძნო.
”კარგი იქნებოდა, ტრასაზე მეტი დრო გამეტარებინა, მაგრამ ამის საშუალება არ მომეცა. დიდი ხანი მოვუნდი, სანამ მანქანას მოვირგებდი და მასში თავს კომფორტულად ვიგრძნობდი. კოკპიტი ჩემთვის მეტისმეტად პატარა აღმოჩნდა. თავი ძალიან მაღლა მქონდა და საშინელ დისკომფორტს ვგრძნობდი. ვარჯიშის დროს ბევრი რამ შევცვალეთ და ახლა ყველაფერი რიგზეა, კომფორტიც ვიგრძენი და ტესტების ბოლოს, უფრო თავდაჯერებულიც ვიყავი”, - განაცხადა 30 წლის ბატონმა, ვინც ტესტებისთვის მზადებას შუადღის 1 საათამდე მოუნდა.
გასული სეზონის ტესტების შემდეგ, ბატონი დარწმუნებული იყო, რომ მისი მანქანა (ბრაუნი), რომელსაც მოგვიანებით ”მონსტრიც” კი უწოდა, ჩემპიონობისთვის ბრძოლის საშუალებას მისცემდა. მართლაც, მან სეზონის პირველი შვიდი რბოლიდან ექვსი მოიგო და ამან ტიტულის მოპოვების საშუალება მისცა. მაგრამ ამჯერად ის ასე თავდაჯერებული ვერ იყო:
”ახლა პროგნოზების გაკეთება ნაადრევია, რადგან ამ ტრასაზე ძნელია იმის მიხვედრა, თუ რამდენად კარგია მანქანა. ამ ტრასას ვერცერთ სხვას ვერ შევადარებ, რადგან მანქანას სრულიად განსხვავებული ბალანსი აქვს”, - დასძენს ბატონი, ვინც დღის უსწრაფეს პილოტს, ”ფერარის” ესპანელ ფერნანდო ალონსოს წრეზე საკმაოდ ბევრით ჩამორჩებოდა, თუმცა ეს გარემოება მას სრულებით არ აშინებს.
”შეგვიძლია ვთქვათ, რომ ”ფერარი” ძალიან სწრაფია, მაგრამ არ ვიცით, რამდენად სწრაფი. თუმცა, აშკარად კონკურენტუნარიანები იქნებიან, რადგან ასეთ დროები სხვა შემთხვევაში არ ექნებოდათ. არც ის ვიცით, რამდენი საწვავი ესხათ ავზებში, როდესაც ამ დროს აჩვენებდნენ. თუმცა, როდესაც ტრასაზე სავსე ავზებით იყვნენ და შედარებით უარესი დრო ჰქონდათ, მაინც კარგად გამოიყურებოდნენ. და მაინც, ჯერ ადრეა იმაზე ლაპარაკი, ვინაა სწრაფი და ვინ - არა. თანაც, პირველ რბოლამდე მანქანები საგრძნობლად შეიცვლება. ასე რომ, პროგნოზები ჯერ ნაადრევია”.
ცნობისათვის, ბატონთან ერთად, ვარჯიშზე მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი, გერმანელი მიხაელ შუმახერიც იყო, რომელმაც მესამე საუკეთესო დრო დააფიქსირა. ბატონი მოხარულია, რომ კვლავ დიდი ჩემპიონის წინააღმდეგ ასპარეზობა მოუწევს და რაც მთავარია, ძალიან საინტერესო სეზონის მოლოდინშია.
No comments:
Post a Comment