Red Bull seeks FIA clarification
9 ივლისი
ქრისტიან ჰორნერი და მარტინ უიტმარში მოლაპარაკებებზე |
იმთავითვე უნდა ითქვას, რომ ჩასაბერი დიფუზორის გამოყენების შეზღუდვა იმ პირობებში, როდესაც გუნდებს მანქანის ტესტირების უფლება არ აქვთ, წინდაუხედაობაა და შესაძლოა, უსაფრთხოების თვალსაზრისით, დიდი შეცდომაც. გუნდები კი საკითხს სხვაგვარად მიუდგნენ და საბოლოოდ, ამ მიდგომამ სრული არეულობა გამოიწვია. და აი, რატომ:
პარასკევს FIA-მ რეგლამენტის ცვლილებებში დათმობების შესახებ გამოაცხადა. კერძოდ, „მერსედესს“ (და მის კლიენტებს) უფლება მიეცა, რომ დახურული დროსელის პირობებში, ცილინდრების ნახევარში, ანთების სისტემა მუშაობდეს. გერმანული კომპანიის განმარტებით, ამგვარად ზეთის კარტერში ზნევის შემცირება მოხერხდება, რაც ძრავის გამძლეობას გააუმჯობესებს.
გასაგებია, რომ სამქიმიანების მოთხოვნა, აგრეგატის გამძლეობის შენარჩუნების თვალსაზრისით დაკმაყოფილდა. მაგრამ ამას მოჰყვა „რენოს“ რეპლიკა, რომლის შესაბამისადაც, ფრანგული კომპანიის ძრავებს, ნულოვანი დროსელის დროს, ძრავის 50 პროცენტით დატვირთვა ასევე გამძლეობის თვალსაზრისით სჭირდება, რადგან ამგვარად, შესაძლებელი ხდება გამომშვები სარქველების ტემპერატურული რეჟიმის შემსუბუქება.
FIA-მ თავიდან ეს მოთხოვნაც დააკმაყოფილა, რასაც სხვა გუნდების, მათ შორის კი „მაკლარენის“ აღშფოთებაც მოჰყვა. საქმე ისაა, რომ „რენომ“ და „რედ ბულმა“, ძრავიდან გამობოლქვილი აირის ჭავლის მოწესრიგება 50-პროცენტიანი დატვირთვის პირობებში მოახერხეს. ეს კი ნიშნავს, რომ ჩასაბერი დიფუზორის გამოყენების შეზღუდვა მათს მანქანებზე ნაკლებად იმოქმედებდა...
პირველი თავისუფალი პრაქტიკების შემდეგ, FIA-ს ტექნიკური ჯგუფი, ძრავების მწარმოებლების და გუნდების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ერთად, თითქმის დილამდე განიხილავდა შექმნილ სიტუაციას. საბოლოოდ კი გადაწყდა, რომ „მერსედესისთვის“ დაშვებული გამონაკლისი ძალაში დარჩეს, „რენოს“ კი შეღავათი გაუუქმდა. სხვა მხრივ, რეგლამენტში ცვლილება უცვლელი დარჩა - აქსელერატორის სატერფულიდან აღებული ფეხის პირობებში, გამონაბოლქვი გაზების ჭავლის წნევა, მაქსიმალური მნიშვნელობის 10 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.
ამგვარად, თუ „მერსედესის“ ძრავების ცილინდრების ნახევარში, ანთების სისტემა მუშაობას გააგრძელებს და ასე 10-პროცენტიანი ლიმიტი არ დაირღვევა, რეგლამენტში შეტანილი ცვლილება არ დაირღვევა. რა თქმა უნდა, ამან „რედ ბულ რეისინგის“ შეფ ქრისტიან ჰორნერის უკმაყოფილება გამოიწვია. მან და გუნდის ტექნიკურმა დირექტორმა ედრიან ნიუიმ განმარტებისთვის, FIA-ს ტექნიკურ დელეგატ ჩარლი უაიტინგს მიმართეს, თუმცა მის გუნდს კვალიფიკაციაზე ალბათ ახალ პირობებში მოუწევს გამოსვლა...
No comments:
Post a Comment