Felipe Massa says Ferrari is still in the world title hunt
18 ივლისი
ფელიპე მასა თვლის, რომ „ფერარი“ კვლავ აგრძელებს ტიტულისთვის ბრძოლას. კონსტრუქტორთა თასის მფლობელი „რედ ბულ რეისინგი“ იტალიურ გუნდს 164 ქულას უგებს, მსოფლიო ჩემპიონი სებასტიან ფეტელი კი მასას თანაგუნდელ ფერნანდო ალონსოზე 92 ქულით წინაა. თუმცა, მასას ოპტიმიზმს ეს არ აკნინებს.
ბრაზილიელი პილოტის განწყობას ის ფაქტი აძლიერებს, რომ ბრიტანეთის დიდ პრიზზე, „ფერარის“ აშკარა პროგრესი დაეტყო. სილვერსტოუნზე ალონსო ყველაზე სწრაფი იყო და დამსახურებული გამარჯვება (სეზონში პირველი) მოიპოვა. ყოველივე კი შეიძლება დიდი შემობრუნების დასაწყისი გახდეს.
მასას ოპტიმიზმის საფუძველს იმავე ალონსოს შარშანდელი გამოსვლა აძლევს. მაშინაც ესპანელმა და „სკუდერიამ“ სეზონი უფერულად დაიწყეს (თუ არ ჩავთვლით ბაჰრეინში, სეზონის პირველ რბოლაში მიღწეულ დუბლს), მეორე ნახევარში კი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა შესანიშნავად იასპარეზა და რომ არა ბოლო რბოლაში გუნდის ხელმძღვანელობის მიერ დაშვებული ტაქტიკური შეცდომა, ამ სეზონში ჩემპიონის პირველი ნომრით სწორედ ალონსო იასპარეზებდა. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ გასულ სეზონში, ესპანელმა „მხოლოდ“ 47-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა.
„როდესაც არსებობს მათემატიკური შესაძლებლობა, იმედიც რჩება. ამას ხშირად ვამბობ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ „ფერარი“ არასდროს ნებდება და ყოველთვის ბოლომდე იბრძვის. უმარტივესი სტრატეგია ისაა, რომ ვიფიქროთ უახლოეს რბოლაზე, როგორც ეს სილვერსტოუნზე გავაკეთეთ“, - ამბობს მასა.
მართალია, ჩასაბერი დიფუზორის შეზღუდვის გამო, სილვერსტოუნზე „რედ ბულის“ შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაუარესდა, გერმანიიდან კი ეს შეზღუდვები ისევ მოიხსნა, მაგრამ მასა ამბობს, რომ „ფერარიმ“ არაერთი აეროდინამიკური სიახლე დანერგა, რომელთა დახმარებითაც, საჩემპიონო ბრძოლის გაგრძელებას შეძლებს.
„იმ პროგრესიდან გამომდინარე, რაც სილვერსტოუნზე გვქონდა, დიდი იმედი გვაქვს იმისა, რომ ნურბურგრინგზე კიდევ უფრო კონკურენტუნარიანები ვიქნებით. მთავარია, წინსვლა შევინარჩუნოთ, არდადეგების შემდეგ კი ბრძოლას ახალი ენერგიით გავაგრძელებთ“, - დასძენს მასა, ვინც ფეტელს 152 ქულით ჩამორჩება და კლასიფიკაციაში მე-6 ადგილი უკავია.
No comments:
Post a Comment