FIA confirms 15,000rpm rev limit from 2014 season
21 ივლისი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) გამოაქვეყნა ფორმულა 1-ის ახალი ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც 2014 წლის სეზონიდან უნდა ამოქმედდეს. მასში მთავარი სიახლე ძრავებს ეხება და ის 1.6-ლიტრიან V6 ტურბოძრავებზე გადასვლას ითვალისწინებს. ამასთან გადაწყდა, რომ ძრავების ბრუნვის მაქსიმალური რიცხვი იქნება არა 12 000, არამედ 15 000. ამგვარად, გამოირიცხა ზოგიერთის შიში იმის შესახებ, რომ ბრუნთა რიცხვის მნიშვნელოვნად შემცირება, ძრავის ხმაზე უარყოფითად აისახება, რაც რბოლებს მაყურებელს დააკარგვინებს.
სიახლეა ისიც, რომ პილოტს ძრავის დაქოქვა, გარე დახმარების გარეშე, საჭესთან მჯდომს უნდა შეეძლოს. ეს ნიშნავს, რომ ძრავებს ელექტრო სტარტერები (ეს დანიშნულება, შეიძლება კერს-ის სისტემაში შემავალმა ელექტროძრავმაც შეასრულოს) დასჭირდება. ამასთან, როგორც ჩანს, ამ სტარტერს ავტომობილის გადაადგილებისთვისაც გამოიყენებენ. ეს კი ბოლიდის პიტლეინზე მოძრაობისას იქნება საჭირო - ამ დროს პილოტებს ჩამქვრალი (მთავარი) ძრავით მოძრაობა დაევალებათ. უფრო კონკრეტულად, პიტლეინზე გავლისას, ძრავში ანთების და საწვავის მიწოდების სისტემა არ უნდა მუშაობდეს. ბუნებრივია, ამ დროს ავტომობილს მბიძგველი ძალით ელექტროძრავი უზრუნველყოფს, რომელიც კერს-ში დაგროვილ ენერგიას გამოიყენებს.
სიახლეა ტრანსმისიაშიც - ახალი რეგლამენტით, გადაცემათა კოლოფს, უკუსვლის წყვილიც უნდა ჰქონდეს და ავტომობილს ნებისმიერ მომენტში უნდა შეეძლოს უკუსვლით გადაადგილება. სულ კი კოლოფს მინიმუმ გადაცემის რვა საფეხური უნდა ჰქონდეს. იცვლება კერს-ის მახასიათებლებიც. კერძოდ, კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა ახლანდელზე ორჯერ მძლავრი (120 კილოვატი) იქნება.
No comments:
Post a Comment