”ფერარის” ბორბლების ეშმაკური დისკოები
20 მარტი
ფორმულა 1-ის ახალი სეზონის წინ, აეროდინამიკური ეშმაკობა მარტო ”მაკლარენის” ინჟინრებმა როდი მოიგონეს. მათზე არანაკლები გამომგონებლობა ”ფერარის” ინჟინრებმაც გამოავლინეს, რომლებმაც თავიანთი ბოლოდისთვის ისეთი რამ მოიგონეს, რომელსაც მეტოქეები ამ სეზონის ბოლომდე ვერ გადაიღებენ.
საქმე მანქანის ბორბლებს ეხება, რომლებზეც ამ სეზონიდან, აეროდინამიკური ხუფების გამოყენება დაუშვებელია. თითქოს, გასაუმჯობესებელი აღარაფერი იყო, მაგრამ მარანელოში სხვაგვარად გადაწყვიტეს და თანაც, თავიანთ მიგნებაზე, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციისგან (FIA) ოფიციალური ნებართვაც მიიღეს.
ბორბლის დისკოების გარე ნაწილში იტალიელებმა ორი დამატებითი რგოლი ჩაამატეს, რომლებიც ფაქტობრივად, აეროდინამიკური ელემენტების როლს ასრულებენ. ეს კვანძი მოსახსნელია და იმავე მასალისგან დამზადებული, რომლისგანაც თვითონ ბორბლის დისკო. ამგვარად, ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნას ის სრულად შეესაბამება.
რამდენადაც, დისკოები FIA-ში სპეციალურ ჰომოლოგაციის პროცესს გადიან, სეზონის მსვლელობისას, მათი კონსტრუქციის შეცვლა დაუშვებელია. ეს კი ნიშნავს, რომ მეტოქეები მსგავსი მიგნების თავიანთ სასარგებლოდ გამოყენებას ვერ შეძლებენ. რამდენად ეფექტურია ასეთი ბორბლები, ამაზე ზედაპირულად საუბარი შეუძლებელია. თუმცა იმის დანამდვილებით თქმა კი შეიძლება, რომ რახან მარანელოში მისი გამოყენება გადაწყვიტეს, ესე იგი, ასეთ ბორბლებს თუნდაც მცირე უპირატესობის მოტანა შეუძლია.
მართალია, FIA მუდმივად ცდილობს სარბოლი ავტომობილების კონსტრუქციის გამარტივებას და ამგვარად, გუნდების ბიუჯეტების შემცირებას, მაგრამ ფორმულა 1-ის ინჟინრებს მაინც ყოფნით გამჭრიახობა იმისათვის, რომ არცთუ იშვიათად, ახალი მიგნებებით გაგვაკვირვონ და რაც მთავარია, თავიანთ პილოტებს სტარტზე გასვლამდე, თუნდაც მცირე უპირატესობის მოპოვებაში შეაშველონ ხელი.
No comments:
Post a Comment