”რენოს” ტოპ ოთხეულთან მეტოქეობის იმედი აქვს
Renault hopeful of challenging top four
24 მარტი
”რენოს” მთავარი სარბოლო ინჟინერი ალან პერმანი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს ამ სეზონშივე შეუძლია მოწინავე ოთხეულის დაწევა და მათთვის კონკურენციის გაწევა. ამის იმედს კი მას ბაჰრეინის რბოლაში პოლონელი პილოტის, რობერტ კუბიცას კარგი გამოსვლა აძლევს.
კუბიცამ კვალიფიკაციაზე მეცხრე ადგილი დაიკავა, რბოლა კი მე-11 ადგილზე დაასრულა. არადა, პირველივე მოსახვევში, მას შეჯახება ”ფორს ინდიას” გერმანელ ადრიან სუტილთან მოუვიდა. მიუხედავად იმისა, რომ დაზიანებული მანქანის შესაკეთებლად ბოქსებში ნაადრევად შესვლა მოუხდა, კუბიცამ მაინც შეძლო ქულების ზონასთან მიახლოება.
რაც მთავარია, რბოლის მსვლელობისას, პოლონელს შესანიშნავი გრაფიკი ჰქონდა, რაც პერმანს ოპტიმისტურად განაწყობს. მას სჯერა, რომ ფრანგული გუნდის R30 მალე კონკურენციას თვით ”მაკლარენსა” და ”მერსედესს” გაუწევს.
”სახირზე რობერტმა შესანიშნავად იასპარეზა. სტარტზე მომხდარი ინციდენტის მიუხედავად, შუა რბოლაში ის უკვე მე-11 იყო. თან, წრეებს ისევე სწრაფად გადიოდა, როგორც ორივე ”მერსედესი” და ბატონის ”მაკლარენი”. აშკარაა, რომ ”ფერარისა” და ”რედ ბულივით” სწრაფი მანქანა არ გვყავს, მაგრამ ბაჰრეინის რბოლა იმის იმედს მაძლევს, რომ ამ სეზონში საკმაო ქულების დაგროვებას შევძლებთ”, - ამბობს პერმანი.
ისევე როგორც ბევრი სხვა გუნდი, ”რენოც” მელბურნისთვის რამდენიმე აეროდინამიკური სიახლის გამოყენებას აპირებს. პერმანი ამბობს, რომ ავსტრალიის დიდ პრიზზე, ორივე მანქანა კვალიფიკაციის მესამე სესიაზე გამოსვლისთვის იბრძოლებს, რბოლაში კი ქულების იმედი აქვს.
”მელბურნში ჩვენ რამდენიმე აეროდინამიკურ სიახლეს გამოვიყენებთ და ვფიქრობ, მათი მეშვეობით, ჩვენ კიდევ უფრო კონკურენტუნარიანები გავხდებით. წინა ფრთა სრულიად ახალია, უკანას კი რამდენიმე ახალი ნაწილი ექნება. ყველაფერმა კი ავტომობილის გზასთან ჩაჭიდება უნდა გააუმჯობესოს. ჩვენ მანქანის კომპლექსურ გაუმჯობესებაზე ვზრუნავთ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ საქმეში მთავარი გზასთან ჩაჭიდებაა. გარდა ამისა, ზოგიერთი მექანიკური პრობლემის მოგვარებაც გვიწევს, მაგრამ ეს უფრო ხანგრძლივი პროექტია და მისი შედეგები მოგვიანებით გამოჩნდება. პირველ რიგში, სიახლეები საკიდარს შეეხება. ვფიქრობ, ავსტრალიის რბოლის კვალიფიკაციის მესამე სესიაზე ორივე მანქანით გასვლა მიღწევადი მიზანია. თუ ეს შევძელით, მაშინ ორივე პილოტი ქულბისთვის იბრძოლებს”, - ამბობს პერმანი.
No comments:
Post a Comment