მექსიკის რალის ლიდერი ლოები გახდა
Loeb takes commanding lead in Mexico (Reuters)
7 მარტი
ასპარეზობის ორი დღის შემდეგ, რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ეტაპის, მექსიკის რალის კლასიფიკაციას სათავეში მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი, ფრანგი სებასტიან ლოები (სურათზე) მოექცა.
”სიტროენის” პილოტმა მეორე დღე მესამე ადგილზე, ლიდერთან 27-წამიანი ჩამორჩენით დაიწყო, თუმცა ერთის გარდა, ყველა სპეცმონაკვეთზე (რვაზე) საუკეთესო შედეგები ჰქონდა და დღის ბოლოს, გარდა იმისა, რომ კლასიფიკაციის სათავეში იყო, უახლოეს მდევარს, ნორვეგიელ პეტერ სოლბერგს, ვინც რბოლას პირველი დღის შემდეგ ლიდერობდა, თითქმის წუთს უგებდა.
”შესანიშნავი დღე იყო. შეცდომები არ დამიშვია. არადა, სულ რისკის ზღვარზე ვიარე, რაღა უპირატესობა გამეზარდა. ახლა 50-ზე მეტი უპირატესობა მაქვს და ეს საკმაოდ ბევრია, მაგრამ მთავარია, მესამე დღესაც უშეცდომოდ ვირბოლო. ჩემი გეგმა ესაა”, - განაცხადა ლოებმა.
მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონ სოლბერგს, რამდენადაც ლიდერი იყო, რბოლის მეორე დღეს ტრასაზე პირველს უწევდა გასვლა და ასე, გზის მწმენდავის როლს ასრულებდა, რაც ბევრ პრობლემას უქმნიდა. სამაგიეროდ, ბოლო დღეს, სპეცმონაკვეთებზე პირველი ლოები გავა და სოლიდური უპირატესობა მას ლიდერის პოზიციის შენარჩუნებაში დაეხმარება
”ყველაფრის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ ჩემთვის დღემ კარგად ჩაიარა. მართალია, ლოებმა ბევრი დრო მომიგო ჯერ რბოლა არ დასრულებულა და ვეცდები, დანაკარგი ხვალ ავინაზღაურო”, - განაცხადა სოლბერგმა, ვინც ”სიტროენით”, ოღონდ კერძო გუნდში ასპარეზობს.
მას მხოლოდ 2.7 წამით ჩამორჩება ”სიტროენ ჟუნიორის” ფრანგი პილოტი სებასტიან ოჟიე, ვინც პირველი დღის შემდეგ მეორე ადგილზე იყო. ნარბოლევს მან განაცხადა, რომ ბოლო სპეცმონაკვეთზე ტემპი ოდნავ დააგდო, რათა დღე ნორვეგიელის უკან დაესრულებინა და მესამე დღეს, უკეთეს გზაზე ასპარეზობის საშუალება მისცემოდა.
რაც შეეხება კიმი რაიკონენს, ვინც ასპარეზობას პირველივე დღეს გამოეთიშა, მან განაცხადა, რომ ჯერაც მოსწავლის როლშია, თუმცა მაინც იმედი ჰქონდა, რომ მექსიკაში კარგი შედეგი ექნებოდა.
მექსიკის რალის მეორე დღის შედეგები
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 3:08:49.600
2. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 00:55.500
3. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი) 00:58.200
4. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) 01:43.900
5. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) 01:59.900
6. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) 02:25.200
7. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, ფორდი) 09:11.800
8. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი) 16:28.000
9. ქსავიერ პონსი (ესპანეთი, ფორდი) 16:32.800
10. არმინდო არაუჟო (პორტუგალია, მიცუბიში) 18:04.700
No comments:
Post a Comment