რაიკონენი მექსიკის რალის პირველივე დღეს გამოეთიშა
Solberg leads in Mexico, Raikkonen crashes out
6 მარტი
მექსიკო სიტის გარეუბანში, რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ეტაპი - მექსიკის რალი დაიწყო, რომელსაც ფორმულა 1-ის 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ფინელი კიმი რაიკონენი პირველივე დღეს გამოეთიშა. ასპარეზობას კი ”სიტროენით” მოასპარეზე ნორვეგიელი პეტერ სოლბერგი ლიდერობს.
პირველი დღის შემდეგ, პირველი ოთხი პოზიცია ”სიტროენის” ეკიპაჟებს უკავიათ. სოლბერგს 15 წამით ჩამორჩება ფრანგი სებასტიან ოჟიე, მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი, ფრანგი სებასტიან ლოები კი მესამეზეა და ლიდერთან 27 წამს აგებს. მეოთხეა მისი ესპანელი თანაგუნდელი დანიელ სორდო.
რაიკონენი ასპარეზობისას
..................................................
”მაკლარენისა” და ”ფერარის” ყოფილი პილოტი პირველივე სპეცმონაკვეთის გავლისას, ლოდს დაეჯახა, რამაც მის ”სიტროენს” საჭის მექანიზმი დაუზიანა. ამის მიუხედავად, მან საშუალედო ფინიშს მაინც მიაღწია. მაგრამ ამით მისთვის პრობლემები არ დასრულებულა. მეორე სპეცმონაკვეთზე, მის მანქანის საწვავის ტუმბოს მილი მოსძვრა და ფინელმა კიდევ ნახევარი საათი დაკარგა. კიმიმ გზა მაინც გააგრძელა, მაგრამ დღის მიწურულს, კიდევ ერთი ინციდენტი შეემთხვა და ასპარეზობას გამოეთიშა.
სამაგიეროდ, რბოლის მსვლელობით კმაყოფილია ლოები, ვინც რბოლა პირველმა დაიწყო და ამიტომ, გაუკვალავ გზაზე მოუწია ასპარეზობამ. ”ჩემი შედეგით კმაყოფილი ვარ. მთავარია, რომ მანქანა საღად შევინარჩუნე. ასეთ გზაზე მოწინავედ გასვლა ბევრი პრობლემის მომტანია და მე ეს პრობლემები თავიდან ავიცილე. მოველოდით, რომ უპირატესობა იმ პილოტებს ექნებოდათ, რომლებიც რბოლას ჩვენზე გვიან დაიწყებდნენ და ასეც მოხდა”, - ამბობს ლოები.
ფრანგის ვარაუდის სისწორეში სოლბერგმა დაგვარწმუნა, რომელიც ტრასაზე მერვე გავიდა და წინა ეკიპაჟების მანქანების მიერ გაწმენდილ გზაზე იასპარეზა. პირველი დღის ცხრიდან 5 სპეცმონაკვეთი სწორედ მან მოიგო, დანარჩენებზე კი უსწრაფესი ოჟიე იყო.
რაიკონენის მსგავსად, პირველი დღე წარუმატებელი გამოდგა ჩემპიონტის ლიდერის, ფინელი მიკო ჰირვონენისთვის, რომელმაც სეზონის პირველი რბოლა - შვედეთის რალი მოიგო. ის ჯერ პირველ სპეცზე ლოდს დაეჯახა, მომდევნოზე კი - ბეტონის კედელს, თუმცა დღე მაინც მეექვსე ადგილზე დაასრულა და ლიდერს წუთნახევრით ჩამორჩება.
მექსიკის რალის პირველი დღის შედეგები
1. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 1:23:39.900
2. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი) 00:15.000
3. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 00:27.500
4. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი) 00:40.800
5. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) 01:01.200
6. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) 01:31.500
7. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) 01:37.500
8. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი) 02:47.200
9. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, ფორდი) 04:19.800
No comments:
Post a Comment