ალონსო ჰამილტონს აკრიტიკებს
Alonso Points Finger at Hamilton for Aggressive Driving
11 აპრილი
ფერნანდო ალონსო (ფოტოზე) თვლის, რომ მალაიზიის დიდი პრიზის სტიუარდებმა სამართლიანად დააჯარიმეს 20 წამით, მაგრამ დასძენს, რომ ინციდენტამდე, ძალიან აგრესიულ მანევრებს ასრულებდა მის წინ მიმავალი ლუის ჰამილტონი.
ფინიშამდე რამდენიმე წრით ადრე, ალონსო ჰამილტონს დაეწია და მათ შორის, მესამე ადგილისთვის დაძაბული ბრძოლა გაჩაღდა. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა რამდენჯერმე სცადა გასწრება, მაგრამ ჰამილტონმა ამის საშუალება ხისტი მანევრებით არ მისცა. შემდეგ კი, ალონსომ ვერ მოზომა და თავისი „ფერარის“ წინა ფრთის მარჯვენა ნაწილი, წინ მიმავალი „მაკლარენის“ კუდს მიალეწა.
რბოლის დასრულებიდან ორი საათის შემდეგ, სტიუარდებმა თავიანთი ვერდიქტი გამოაცხადეს - ორივე პილოტი პიტლეინში საჯარიმო გავლით დაისაჯა, თუმცა რამდენადაც რბოლა დასრულებული იყო, განაჩენი 20-წამიანი ჯარიმით შეიცვალა. ჰამილტონის შემთხვევაში, სტიუარდებმა თავიანთი გადაწყვეტილების საბაბად ის გარემოება დაასახელეს, რომ ალონსოს შესაკავებლად, ბრიტანელი პილოტი სწორ მონაკვეთებზე, თავისი მანქანის მოძრაობის მიმართულებას რამდენჯერმე, მკვეთრად ცვლიდა და ამგვარად, ესპანელს სლიპ სტრიმის გამოყენებაში უშლიდა ხელს. ალონსო კი შეჯახების ინიციატორად ჩაითვალა და ის სახიფათო რბოლისთვის დაისაჯა.
„როდესაც სიჩქარე 300 კმ/სთ-ს აღწევდა, ის საჭის რგოლს ძალიან მკვეთრად ატრიალებდა. რაც შეეხება ჩვენს შეჯახებას, ეს ჩვეულებრივი სარბოლი ინციდენტი იყო. მე გასწრება ვცადე, მაგრამ მოხვევა ცოტა დავაგვიანე. ხდება ხოლმე. ჩვენ მრბოლები ვართ და რისკის გარეშე ვერაფერს მივაღწევთ. ასე რომ, შემდეგ რბოლებშიც ვეცდები გასწრებას და ზოგიერთებივით ორჭოფობას არ დავიწყებ“, - განაცხადა ალონსომ.
No comments:
Post a Comment