ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Saturday, April 16, 2011

ფეტელმა პოულების ჰეთ-თრიკი შეასრულა

Vettel on pole position in China

16 აპრილი

მარცხნიდან: ჰამილტონი, ფეტელი და ბატონი

..............................

სებასტიან ფეტელი ისევ პოულ პოზიციაზეა - ჩინეთის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლის სხვაგვარად დასრულებას არც არავინ ელოდა. გერმანელმა პილოტმა ამ სეზონში სამივე, გასული სეზონიდან მოყოლებული კი, ზედიზედ მეოთხე პოული მოიპოვა.

ამჯერად, მასთან ერთად, პირველ რიგში „მაკლარენის“ ჯენსონ ბატონი დადგება, რომელმაც შარშანაც სტარტი მეორე პოზიციიდან აიღო, თუმცა ფინიშთან პირველი მიიჭრა. სხვათა შორის, შარშანა პოულზე ფეტელი იდგა. ბატონი ფეტელს ამჯერად 0.715 წამით ჩამორჩა. სამაგიეროდ, ბატონმა თავის თანაგუნდელ ლუის ჰამილტონს 0.042 წამი მოუგო.

ნარბოლევს ჰამილტონმა განაცხადა, რომ მან შეგნებულად არ გამოიდო თავი და კვალიფიკაციის გადამწყვეტ, მესამე ნაწილში, მხოლოდ ერთი სწრაფი წრე გაიარა, რათა საბურავები დაეზოგა. და იმედოვნებს, რომ ამ საბურავებს უფრო ეფექტურად რბოლისას გამოიყენებს.

ვიტალი პეტროვმა მესამე სესიაზე ტრასაზე გამოსვლაც კი ვერ შეძლო

..............................

მეოთხე შედეგი აქვს „მერსედესის“ ნიკო როსბერგს, ვინც უკან მოიტოვა „ფერარის“ ორი პილოტი - მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო და ფელიპე მასა. სამაგიეროდ, ხელი მოეცარა ფეტელის თანაგუნდელ მარკ უებერს, რომელმაც კვალიფიკაციის პირველივე სესიის შემდეგ შეწყვიტა ასპარეზობა, რადგამ ამ სესიაზე მე-18 შედეგი ჰქონდა. უებერს მესამე თავისუფალ პრაქტიკაზე კერს-თან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა, რის გამოც, მან მხოლოდ ერთი სწრაფი წრის გავლა შესძლო. კვალიფიკაციაზე მისი კრახის მიზეზი კი უვარგისი საბურავი გახდა.

ფეტელმა აღიარა, რომ ყოველ შემდგომ ეტაპზე, კვალიფიკაციაში გამარჯვება სულ უფრო ძნელდება. თუმცა საბოლოო შედეგების მიხედვით, ეს თითქმის არ იგრძნობა. რაც შეეხება უებერს, მას შეეძლო, პირველი სწრაფი წრის შემდეგ, რბილი საბურავი დაეყენებინა, მაგრამ ეს არ გააკეთა და ხახამშრალიც დარჩა. თავის მხრივ, გუნდის შეცდომა აღიარა „რედ ბულის“ შეფმა ქრისტიან ჰორნერმა.

სებასტიან ფეტელი რბოლისას

..............................

ხელი მოეცარა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმიხაელ შუმახერსაც, რომელმაც მეორე სესიის შემდეგ შეწყვიტა ასპარეზობა. ამჯერად ის მე-14 შედეგს დასჯერდა. ძნელი სათქმელია, შეძლებდა თუ არა შუმი მესამე სესიაზე ასპარეზობის უფლების მოპოვებას, რომ არა ინციდენტი, რომლის გამოც, მეორე სესია, მის დასრულებამდე ორიოდ წუთით ადრე შეწყდა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ვიტალი პეტროვის მანქანაზე გადაცემათა კოლოფი გაიჭედა, რუსი პილოტი კი შუა გზაზე ჩარჩა და თან ისე, რომ ტრასის მომსახურე პერსონალმა მანქანა ადგილიდანაც კი ვერ დაძრა. ამის შემდეგ, ყველა პილოტს თითო სწრაფი წრის გავლის საშუალებაღა მიეცა. რუსმა კი, მართალია მეორე სესია მოწინავე ათეულში დაასრულა, მაგრამ მესამეზე ტრასაზე გამოსვლაც კი ვერ შეძლო.

ჩინეთის დიდი პრიზი

კვალიფიკაციის შედეგები

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:33.706

2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:34.421

3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:34.463

4. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:34.670

5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:35.119

6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:35.145

7. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:36.158

8. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:36.190

9. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:36.203

10. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) დროის გარეშე

- - - - - - - - - -

11. ადრიან სუტილი (გერმანია,ფორს ინდია) 1:35.874

12. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:36.053

13. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:36.236

14. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:36.457

15. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:36.465

16. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) 1:36.611

17. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:36.956

- - - - - - - - - -

18. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:36.468

19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:37.894

20. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:38.318

21. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი) 1:39.119

22. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:39.708

23. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია) 1:40.212

24. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 1:40.445

No comments:

Post a Comment