ფორმულა 1-ში უდიდესი ბიუჯეტი „ფერარის“ აქვს
Ferrari Have Biggest Budget in F1
29 აპრილი
ესპანურმა ყოველდღიურმა გაზეთმა „ეკ მუნდო დეპორტივომ“ გამოაქვეყნა ანალიტიკურ კომპანია „ბიზნეს ბუკ GP-ს“ მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგები, რომლის შესაბამისადაც, მიმდინარე სეზონში, ყველაზე დიდი ბიუჯეტი „ფერარის“ აქვს.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ამ სეზონში იტალიური გუნდის ბიუჯეტი 199 მილიონი ევროა. ეს კი ყველაზე ღარიბი გუნდის - „ისპანია რეისინგის“ ბიუჯეტზე თითქმის ექვსჯერ მეტია. ამ უკანასკნელს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობისა და სარბოლი მანქანის სრულყოფისთვის, მხოლოდ 34 მილიონი ევრო აქვს გამოყოფილი.
სამწუხაროდ, ამაზე მეტ ინფორმაციას ესპანური გამოცემა არ ავრცელებს. თუმცა, მასში ხაზგასმულია, რომ წინა წლებთან შედარებით, ფ1-ის გუნდების ბიუჯეტები მნიშვნელოვნადაა შემცირებული. კერძოდ, თუ 2009 წლის სეზონში, გუნდების საშუალო ბიუჯეტი 209 მილიონი ევრო იყო, შარშან ეს მაჩვენებელი 119 მილიონამდე შემცირდა. ამ სეზონში კი 113 მილიონამდე შემცირდება.
როგორც ჩანს, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ყოფილ პრეზიდენტ მაქს მოსლის გეგმა, რომელიც ფ1-ის გუნდების ბიუჯეტების შეკვეცას ითვალისწინებდა, წარმატებით ხორციელდება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩემპიონატში ყველაზე დიდი მხარჯველები - „ტოიოტა“ და „ბეემვე“ აღარ მონწაილეობენ. ამასთან, „რენომ“ თავისი ყოფილი გუნდის ფინანსური მხარდაჭერა შეწყვიტა. იმის გარდა, რომ ასპარეზი დიდმა კომპანიებმა დატოვეს, დიდი პრიზების ცირკს სამი პატარა გუნდი - „ტიმ ლოტუსი“, „ვირჯინი“ და „ისპანია“ შეუერთდა, რომლებსაც დაბალი ბიუჯეტები აქვთ.
სხვათა შორის, იმ დროს, როდესაც დიდი გუნდები ხარჯებს ამცირებენ, პატარები პირიქით - ზრდიან. ესპანური გამოცემის ინფორმაციით, გასულ სეზონთან შედარებით, ბიუჯეტი „ტიმ ლოტუსმა“, „ვირჯინმა“ და „ზაუბერმა“ გაზარდეს.
No comments:
Post a Comment