ახალი მანქანა „ისპანია რეისინგმაც“ გამოიყვანა
HRT F111 Unveiled in Barcelona
11 მარტი
„ისპანია რეისინგი“ ბოლო გუნდია, რომელმაც თავისი ახალი სარბოლი ავტომობილი - F111, ტრასაზე გამოიყვანა. ეს ბარსელონაში, კატალუნია მონტმელოზე, სატესტო სესიის დროს მოხდა. ესპანურმა გუნდმა, ამასთან დაკავშირებით, მედია მიიწვია და ფოტო სესია ჩაატარა.
ახალი მანქანის პრეზენტაციამდე, გუნდმა გამოაცხადა, რომ მეორე მანქანას იტალიელ ვიტანტონიო ლიუცის ჩააბარებს. რაც შეეხება პირველ პილოტს, ის ინდოელი ნარაინ კართიკეიანია.
აღსანიშნავია, რომ სეზონისწინა ტესტების ბოლო სესიის პირველი ორი დღე უკვე გავლილია. ასე რომ, „ისპანიას“ სულ ორი დღე დარჩა იმისათვის, რომ ახალი მანქანა გამოსცადოს. ამ ორი დღის განმავლობაში, მანქანის ტესტირების საშუალება ორივე პილოტს თანაბრად ექნება.
უნდა ითქვას, რომ გუნდმა ახალი მანქანის ფოტოები თავის ვებგვერდზე რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა, თუმცა მაშინ ბოლიდი დაუკომპლექტებელი იყო და აეროდინამიკური სრული პაკეტი და ზოგიერთი კონსტრუქციული კომპონენტი აკლდა.
ახალი მანქანა „რედ ბულ რეისინიგის“ (ასევე უილიამსის და ჰონდას) ყოფილი ინჟინრის, ჯეფ უილისის ხელმძღვანელობით შეიქმნა და ის შარშანდელი მანქანის ევოლუციური ვარიანტია. ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, რამდენად ვარგისია ახალი მანქანა. ეს ტესტირების დროს გამოჩნდება.
No comments:
Post a Comment