„მერსედესს“ საპანიკო არაფერი აქვს
Mercedes not panicking over form
3 მარტი
აშკარაა, რომ სეზონის დასაწყისში, „მერსედესის“ გუნდს ლიდერთა შორის ყოფნა გაუჭირდება - სეზონისწინა ტესტების დროს, სამქიმიანების მანქანა მოწინავეებს თითქმის ორი წამით ჩამორჩებოდა. თუმცა გუნდის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ სეზონის დაწყებამდე, მანქანის კონსტრუქციაში ცვლილებების შეტანით, სიტუაცია გამოსწორდება.
გუნდის მთავარი აღმასრულებელი ნიკ ფრაი თვლის, რომ ჯერჯერობით, მისი გუნდის შანსების ჩამოწერა ნაადრევია: „რა თქმა უნდა, ამ მანქანისგან გაცილებით მეტს ველოდით. ჩვენ ორი ძირითადი პრობლემა გვაქვს. ჯერ ერთი, გაგრილების ეფექტურობას ვერ ვაღწევთ და აეროდინამიკაც დასახვეწია. ყველაფერი ეს, წრეზე ბევრი დროის დაკარგვის ფასად გვიჯდება.
მეორეც, ჩვენ სატესტო პროგრამა თავიდანვე ორ ნაწილად დავყავით. პირველი ტესტებისთვის საბაზისო მანქანა მოვამზადეთ, ტესტებზე მიღებული მონაცემების გამოყენებით კი მანქანის დახვეწის პროგრამა შევიმუშავეთ. ეს პროგრამა დაგვეხმარება იმაში, რომ სეზონის დასაწყისისთვის, ტრასაზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მანქანით გამოვიდეთ.
ასე რომ, წინასწარ ვიცოდით, ტესტებზე სწრაფები არ ვიქნებოდით. ყველაფერი სწორედ ასე მოხდა. ამიტომ, საპანიკო არაფერი გვაქვს. ჩვენ წინასწარ შემუშავებულ გეგმას მივყვებით, მას ზედმიწევნით ვასრულებთ და ვფიქრობ, ავსტრალიაში იმ პოზიციაზე ვიქნებით, რომელზე ყოფნასაც ვიმედოვნებდით“.
ფრაის თქმით, ბარსელონას ტესტებისთვის, გუნდი მანქანაზე შეცვლილ გამოსაბოლქვ სისტემას და წინა ფრთას, ასევე რადიატორების შეცვლილი ფორმის კორპუსებს დააყენებს. ყველაფერი კი საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ მიხაელ შუმახერმა და ნიკო როსბერგმა თავიდანვე მოწინავეთა შორის იასპარეზონ.
No comments:
Post a Comment