ფეტელმა „რედ ბულთან“ კონტრაქტი 2014 წლამდე გააგრძელა
Vettel Signs Deal with Red Bull Until 2014
14 მარტი
მსოფლიოს ახალმა ჩემპიონებმა - გერმანელმა სებასტიან ფეტელმა და ავსტრიულმა გუნდმა „რედ ბულ რეისინგმა“ კონტრაქტი სამი წლით გააგრძელეს. ეს ნიშნავს, რომ ფეტელი მილტონ კეინსში ბაზირებულ გუნდში 2014 წლამდე დარჩება. ამგვარად, წერტილი დაესვა მითქმა-მოთქმას, რომლის შესაბამისადაც, გერმანელი პილოტი „ფერარიში“ გადასვლას აპირებდა.
უკვე რამდენიმე დღეა, ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფეტელი და „რედ ბული“ ახლოს იყვნენ კონტრაქტის გაგრძელებასთან. ეს ინფორმაცია „რედ ბულის“ მოტორსპორტის მრჩეველმა ჰელმუტ მარკომ დაადასტურა და დასძინა, რომ ფეტელთან კონტრაქტის გაგრძელება უბრალო ფორმალობაღა იყო.
„ჩვენს შორის სიტყვიერი შეთანხმება იყო კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე. ფაქტობრივად, ყველა დეტალი შეთანხმებული გვქონდა და ორივე მხარეს სურდა ამ კონტრაქტის გაგრძელება. ასე რომ, ფურცლებზე ხელის მოწერა უბრალო ფორმალობად რჩებოდა“, - განაცხადა მარკომ, ვინც თავადაც ფ1-ის ყოფილი პილოტია.
„რედ ბულში“ გადასვლამდე, ფეტელი ავსტრიული კომპანიის მეორე გუნდში, „ტორო როსოში“ გამოდიოდა, სადაც 2008 წელს, იტალიის დიდი პრიზი მოიგო. იმავე სეზონის მიწურულს, ის უკვე „რედ ბულ რეისინგში“ გადავიდა და იქიდან მოყოლებული ჩემპიონობისთვის იბრძოდა. მათი კონტრაქტი წლევანდელი სეზონის მიწურულს მთავრდებოდა, თუმცა ავსტრიულ გუნდს კონტრაქტის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების უფლება ჰქონდა.
მოსალოდნელი იყო, რომ ფეტელსა და „რედ ბულს“ შორის კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკება ამ სეზონის მსვლელობისას განახლდებოდა. ასევე მოსალოდნელია, რომ „რედ ბული“ თავისთან მეორე პილოტსაც, ავსტრალიელ მარკ უებერსაც დაიტოვებს. თუმცა, გუნდისტვის უფრო პრიორიტეტული გერმანელის შენარჩუნება იყო, ვინც შარშან მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
No comments:
Post a Comment