ბერნი ბაჰრეინის რბოლის სეზონის ბოლოს გადატანას აპირებს
Ecclestone eyes November Bahrain date
3 მარტი
ფორმულა 1-ის კომერციულ უფლებათა ბატონ-პატრონი ბერნი ეკლსტოუნი მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარში ბაჰრეინის დიდი პრიზის დაბრუნებას აპირებს და იმედოვნებს, რომ მას ბოლოსწინა ადგილზე, აბუ დაბის და ბრაზილიის ეტაპებს შორის ჩასვამს. მან აღიარა, რომ აგვისტოში, გაუსაძლისი სიცხის გამო, ბაჰრეინული რბოლის ჩატარება შეუძლებელი იქნება. და იმედოვნებს, რომ მისი ბოლოსწინა ეტაპად ჩასმას, სეზონის დაწყებამდე მოახერხებს.
„დიდი იმედი მაქვს, რომ ბაჰრეინში სიტუაცია დასტაბილურდება და ჩვენ იქ რბოლის ჩატარებას შევძლებთ, სეზონის ბოლო, ამისათვის საუკეთესო ვარიანტი იქნება. მოკლედ, თუ ბაჰრეინში კვლავ მშვიდობა დაისადგურებს, ჩვენ იქ დავბრუნდებით“, - ბიბისისთან საუბრისას განაცხადა ეკლსტოუნმა.
8 მარტს, პარიზში საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ავტოსპორტის საბჭო შეიკრიბება და ერთ-ერთ საკითხად, სწორედ ბაჰრეინული რბოლის ბედს განიხილავს. ეკლსტოუნი იმედოვნებს, რომ საკითხი დადებითად გადაწყდება. კითხვაზე, რამდენად რეალურია ბაჰრეინის რბოლის კალენდარში დაბრუნება, მან უპასუხა: „სრულიად რეალურია - ტელევიზორით ხომ ბაჰრეინში არეულობების შესახებ, აღარაფერს ამბობენ“.
მოკლედ, თუ ბერნის იმედები გამართლდა, მაშინ ბაჰრეინის დიდი პრიზი 20 ნოემბერს ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 4 დეკემბერს დაინიშნება სეზონის ბოლო ეტაპი - ბრაზილიის დიდი პრიზი. ბერნი ფიქრობს, რომ სიტუაციის ამგვარად შეცვლას, ბრაზილიის რბოლის ორგანიზატორები არ შეეწინააღმდეგებიან.
No comments:
Post a Comment