შუმახერი: მანქანა ბრძოლისთვის მზადაა
Schumacher: Car ready for top places
16 მარტი
მართალია, წინასასეზონო ტესტების დასაწყისში, „მერსედეს ბენცის“ ახალი სარბოლი ბოლიდი საუკეთესო თვისებებით ვერ გამოირჩეოდა, მაგრამ ბოლო ტესტებისთვის მომზადებული სიახლეების პაკეტმა თავისი შედეგი გამოიღო და ამის წყალობით, მიხაელ შუმახერი პილოტთა სიას სათავეში მოექცა. ბუნებრივია, ის კმაყოფილია თავისი თანაგუნდელი ინჟინრების მიერ გაწეული სამუშაოთი და ამბობს, რომ მანქანა მოწინავე ადგილებისთვის საბრძოლველად, სრულ მზადყოფნაშია.
ასე განსაჯეთ, „მერსედეს W02-ის“ სიჩქარემ სხვა გუნდების პილოტებიც კი გააოცა, თუმცა როგორც ჩანს, სამქიმიანებს ჯერ თავიანთი სრული შესაძლებლობები არ გამოუვლენიათ და მელბურნში მეტოქეებისთვის სიურპრიზებს ამზადებენ. და მაინც, შუმახერი პროგნოზებისგან თავს იკავებს და ამბობს მხოლოდ იმას, რომ ახალი მანქანა შარშანდელზე უკეთესია.
„ჩვენ სწორი გეზი ავირჩიეთ. ეს აშკარაა. როგორც ჩანს, ახალ სეზონს კარგად მომზადებულები ვხვდებით, მაგრამ ამ მანქანით გამარჯვებისთვის ბრძოლა შეგვიძლია, თუ არა, ამას პირველ რბოლებში დავინახავთ. თუმცა, ამ მანქანით რომ მოწინავე ადგილებისთვის ბრძოლა შესაძლებელია, ამაში ეჭვიც არ მეპარება. მოკლედ, გუნდმა შესანიშნავად იმუშავა“, - ამბობს მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი.
შუმახერი შარშან დაბრუნდა და მაშინვე მისგან ყველა ისევ გამარჯვებებს ელოდა. ეს ალბათ იმის გამოც იყო, რომ ის წინა სეზონის ჩემპიონ გუნდში გადავიდა და იქ ჩემპიონი ჯენსონ ბატონი შეცვალა. მაგრამ გერმანელისთვის სეზონი, მის კარიერაში ყველაზე წარუმატებელი გამოდგა. და ამის მიუხედავად, ის ოპტიმიზმს ინარჩუნებს და ამბობს, რომ წარმატების გემო ჯერაც არ დავიწყნია და რომ დიდი პრიზების ცირკში იმისთვის დაბრუნდა, რომ ეს გემო ისევ გამოსცადოს. და ეს განწყობა, მას ბრძოლის ჟინს მატებს.
„არასდროს მიფიქრია, რომ სამწლიანი პაუზის შემდეგ დავბრუნდებოდი და მაშინვე ყველაფერი ძველებურად იქნებოდა. მე რეალისტი ვარ. რა თქმა უნდა, რეაკლიმატიზაციისთვის იმაზე მეტი დრო დამჭირდა, ვიდრე ველოდი, მაგრამ ყოველთვის მესმოდა, რომ ძალიან ძნელ საქმეს მოვკიდე ხელი და რომ წარმატების გარანტია არ არსებობს. მაგრამ მე იმ ტიპის ადამიანი ვარ, რომელსაც გამოწვევა საბრძოლველად განაწყობს“, - ამბობს შუმი და დასძენს:
„ჩვენს სპორტში ძალიან კონკურენტული გარემოა და ის მუდმივად იცვლება. ასე რომ, არასოდეს არ უნდა ელოდო, რომ მოვლენები წინასწარ დაგეგმილი სცენარით წარიმართება. მთავარია, ყურადღებით იყო და ბევრი იშრომო. ამ სეზონისთვის მზადებისას, ჩვენ ეს შევძელით და ეს მაფიქრებინებს, რომ „მერსედესი“ მალე ტიტულის მოცილე გუნდი გახდება“.
No comments:
Post a Comment