„მაკლარენი“ ავსტრალიაში გაოცებას გვიპირებს
McLaren aims to 'surprise' in Australia
18 მარტი
სეზონი ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ფორმულა 1-ის პადოკში ვერ ნახავთ ადამიანს, რომელიც „მაკლარენს“ ახალი სეზონის დასაწყისში ფავორიტთა შორის მოიხსენიებს, თუმცა გულის სიღრმეში ბევრი ფიქრობს, რომ უოკინგელებისგან ბევრი სიურპრიზია მოსალოდნელი. ამის (ოღონდ ხმამაღლა) იმედი აქვს ინგლისური გუნდის შეფ მარტინ უიტმარშსაც.
მან განაცხადა, რომ „მაკლარენის“ ახალი მანქანა MP4-26 მელბურნშიც ისეთი ჭირვეული არ იქნება, როგორიც სეზონისთვის მზადების პროცესში იყო. უფრო მეტიც, ის დარწმუნებულია, რომ მისი გუნდის ინჟინრებმა, ტესტების დროს მიღებული ინფორმაცია სათანადოდ დაამუშავეს და მანქანაც შესაბამისად მომართეს, რისი შედეგიც ის იქნება, რომ ლუის ჰამილტონი და ჯენსონ ბატონი სეზონის გახსნით რბოლაში, კონკურენტუნარიანები იქნებიან.
„ტესტები იმისთვისაა, რომ მის დროს, მანქანის სრულყოფის პროცესი მიმდინარეობს. ჩვენ MP4-26-ს მისი შესაძლებლობების ზღვარზე ვცდიდით. რაც მთავარია, ამ ტესტების დროს, უამრავი საჭირო ინფორმაცია მოვიპოვეთ, რომლებსაც მელბურნის წინ, მანქანის სრულყოფისთვის ვიყენებდით. პარალელურად, დავისახეთ საკმაოდ რთული მიზნები, რომელთა შესრულებასაც მელბურნში ვეცდებით.
ვთვლი, თუ არა, რომ ტესტებზე ნაჩვენები შედეგები სრულად გამოხატავს ჩვენს შესაძლებლობებს? არა. ვთვლი, თუ არა, რომ ავსტრალიაში ფავორიტები ვიქნებით? სამწუხაროდ, არა. მაგრამ მიმაჩნია, თუ არა, რომ ჩვენ შეგვწევს ზოგიერთების გაოცების უნარი? რა თქმა უნდა, კი“, - ამბობს უიტმარში.
ოპტიმიზმი შეეტყო ჰამილტონსაც, ვინც იმედოვნებს, რომ ტესტებისგან განსხვავებით, მელბურნში მანქანა გაცილებით უკეთესი იქნება: „ვერ დავმალავთ იმ ფაქტს, რომ ტესტები იმაზე რთული გამოდგა, ვიდრე ველოდით. სატესტო კილომეტრაჟიც საკმაოდ მოკრძალებული გვაქვს, ვერც სისწრაფით გამოვიჩინეთ თავი. და მაინც, კარგი წინათგრძნობა მაქვს. ჩვენი მანქანა სასიამოვნო სამართავია. საბურავებსაც ალღოს მალე ავუღებთ და გახსნით რბოლაზე წინ წავიწევთ. მელბურნში საბრძოლველად ჩავდივართ. ზოგი გუნდი ძალიან კარგადაა მომზადებული, მთი მანქანები სწრაფებიცაა და გამძლეებიც. მაგრამ ხშირად, პირველი რბოლა ტესტების შემდეგ წარმოქმნილ მოლოდინს არ ამართლებს. ამ რბოლაში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქულების მოპოვება იქნება“.
No comments:
Post a Comment