ჩემპიონმა სეზონი გამარჯვების დუბლით დაიწყო
Vettel storms to victory in season-opener
27 მარტი
კვალიფიკაციის შემდეგ, ეს მოსალოდნელიც იყო - სებასტიან ფეტელმა სასტარტო მწვანე შუქნიშანზე იოლად შეინარჩუნა მოწინავე პოზიცია და ისე, რომ მის ლიდერობას საფრთხე ერთხელაც არ დამუქრებია, ფინიშის ხაზსაც პირველმა უწია. 23 წლის გერმანელმა 22.2 წამით აჯობა ბრიტანელ ლუის ჰამილტონს და კარიერაში მე-11, ზედიზედ კი მესამე გამარჯვება იზეიმა.
„ეს არ იყო იოლი გამარჯვება. სტარტი გადამწყვეტი იყო. მერე კი თავისუფალი სივრცე მივიღე. რბოლის მეორე ნაწილში, ლუისი ჩამომრჩა, რის შემდეგაც, სიტუაციას უფრო უკეთ ვაკონტროლებდი. დღეს პირველად შევძელი ავსტრალიის დიდი პრიზის ფინიშთან მისვლა და ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვე“, - პრესკონფერენციაზე განაცხადა მოქმედმა ჩემპიონმა.
„ბოლოს მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ტრასაზე დავრჩენილიყავი და რაც შეიძლება, მეტი ქულა მომეპოვებინა. ეს ქულები სეზონის ბოლოს გამომადგება. საერთო ჯამში კი რბოლით კმაყოფილი ვარ“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვინც სტარტიც მეორე პოზიციიდან აიღო და ფეტელს კარგა ხანს ახლოს მისდევდა. ერთხელ კი, როდესაც გერმანელმა ბოქსებში შეუხვია, პელოტონს სათავეშიც მოექცა, თუმცა მალე თავისი ნებით დათმო ლიდერობა - თავადაც რეზინის შესაცვლელად მიაშურა ბოქსებს.
რაც შეეხება პეტროვს, ის პირველად ავიდა კვარცხლბეკზე და რა თქმა უნდა, ამით ბედნიერია: „არ მჯერა, რომ ამ ორ ბიჭთან ერთად აქ, თქვენს წინაშე ვზივარ და თქვენს კითხვებს ვპასუხობ. თავი სიზმარში მგონია. გუნდს კი ამ შედეგით შეუძლია, იამაყოს“.სხვათა შორის, პირველ სამ ადგილზე გასულმა პილოტებმა საბურავები მხოლოდ ორ-ორჯერ შეცვალეს. არადა, ბევრი მოელოდა, რომ ორპიტსტოპიანი სტრატეგია წარსულს ჩაბარდა, რადგან „პირელის“ საბურავები მალე ცვდება და თვისებებსაც სწრაფად კარგავს.
ახალბედა მექსიკელმა სერხიო პერესმა დებიუტი ქულების მოპოვებით აღნიშნა - მეშვიდე ადგილი დაიკავა. სხვათა შორის, 1981 წლის შემდეგ, ის პირველი მექსიკელია, ვინც ფ1-ში ქულების აღება შეძლო. 30 წლის წინ, იგივე ექტორ რებაკმა გააკეთა.
პირველი ეტაპი კრახით დაასრულა „მერსედესმა“, რომლის ორივე პილოტმა ნახევარი დისტანციის გავლაც ვერ შეძლო. ჯერ იყო და, მიხაელ შუმახერს სტარტზევე დაუზიანდა მანქანა, როცა ის ხაიმე ალგერსუარის „ტორო როსოს“ დაეჯახა. „მერსედესს“ უკანა საბურავი დაუზიანდა, რის გამოც, შუმის ბოქსში შესვლა დასჭირდა. მაგრამ როგორც გაირკვა, მარტო ბორბალი არ დაზიანებულა. მართალია, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა გზის გაგრძელება შეძლო, მაგრამ უსაფრთხოების საბაბით, 20 წრის შემდეგ, გუნდმა მას ბოქსში შესვლა და გაჩერება ურჩია.
ავსტრალიის დიდი პრიზი
მელბურნი, ალბერტ პარკი (5.303 კმ). რბოლის დისტანცია 307.574 კმ (58 წრე)
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:29:30.259
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) +00:22.297
3. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 00:30.560
4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 00:31.772
5. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 00:38.171
6. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 00:54.304
7. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 01:05.845
8. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 01:16.872
9. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 01:25.186
10. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1 წრე
11. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1 წრე
12. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1 წრე
13. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1 წრე
14. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) 1 წრე
15. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 2 წრე
16. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი) 4 წრე
გ. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 9 წრე
გ. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 10 წრე
გ. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 36 წრე
გ. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 39 წრე
გ. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 39 წრე
გ. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 49 წრე
შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: ფელიპე მასა - 1:28.947, 55-ე წრე
პილოტების კლასიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი - 25 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 18; 3. ვიტალი პეტროვი - 15; 4. ფერნანდო ალონსო - 12; 5. მარკ უებერი - 10; 6. ჯენსონ ბატონი - 8; 7. სერხიო პერესი - 6; 8. კამუი კობაიაში - 4; 9. ფელიპე მასა - 2; 10. სებასტიან ბუემი - 1
კონსტრუქტორთა პირველობა
No comments:
Post a Comment