ლოებმა მექსიკის რალი ზედიზედ მეხუთედ მოიგო
Loeb wins fifth consecutive Rally of Mexico
7 მარტი
მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის, ფრანგი სებასტიან ლოების (ფოტოზე ასპარეზობისას) გამარჯვებით დასრულდა რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ეტაპი - მექსიკის რალი. ეს ფრანგი პილოტის ზედიზედ მეხუთე გამარჯვებაა მექსიკის რბოლაში და ამაში ის თავის თანამემამულესა და სეხნიას, სებასტიან ოჟიეს უნდა უმადლოდეს, ვინც რბოლის მესამე დღე ლიდერის რანგში კი დაიწყო, თუმცა პირველივე სპეცმონაკვეთზე ავარია მოუვიდა და რბოლას გამოეთიშა.
მეორე ადგილი დაიკავა ფინელმა მიკო ჰირვონენმა, ვინც ჩემპიონატი შვედეთის რალიზე მოპოვებული გამარჯვებით დაიწყო და მექსიკის შემდეგაც შენარჩუნა ლიდერობა. ლოებს ის წუთნახევრით ჩამორჩა, თავად კი თითქმის წუთით აჯობა მესამეზე გასულ თანაგუნდელსა და თანამემამულეს, იარი-მატი ლატვალას.
ამ გამარჯვებით, ლოებმა კლასიფიკაციაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მას 37 ქულა აქვს, 9 ქულით ნაკლები, ვიდრე ლიდერ ჰირვონენს და 6-ით ნაკლები, ვიდრე მესამეზე მყოფ ლატვალას.
„ძალიან რთული რბოლა იყო, ოჟიესთან ძალიან დაძაბული პაექრობა მქონდა. მთელი გზა თითქმის უშეცდომოდ გავიარე. ახალი მანქანაც ძალიან მომწონს, ის ძალიან სწრაფია და კარგად იმართება“, - განაცხადა ფრანგმა, ვონც პირველი გამარჯვება მოიპოვა „სიტროენის“ უახლესი სარბოლი DS3-ით.
პირველი დღის შემდეგ, ლიდერი ოჟიე იყო, ვინც ამის გამო, მეორე დღეს, სპეცმონაკვეთებზე პირველი გადიოდა. ამის გამო, ლოებმა მცირე უპირატესობა მიიღო და დღის ბოლოს, თანაგუნდელს თითქმის ნახევარი წუთით გაასწრო. თუმცა, შემდეგ გადაცემათა კოლოფი გაჭირვეულდა. მის რემონტს დრო დასჭირდა და ლოებმა ერთ-ერთი სპეცმონაკვეთის სტარტზე დააგვიანა. ამის გამო, ის 50 წამით დააჯარიმეს. ასე რომ, მეორე დღის შემდეგაც, ლიდერობა ოჟიემ შეინარჩუნა.
თუმცა, მე-20 სპეცმონაკვეთის მე-13 კილომეტრზე ზედმეტი მოუვიდა და მანქანის წინა მარცხენა საკიდარი დააზიანა. ლოები დაწინაურდა და ზედმეტი გარჯის გარეშეც იოლად შეინარჩუნა ლიდერობა.
მექსიკის რალის შედეგები
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 3:53:17.000
2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) 01:38.400
3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) 02:23.900
4. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 07:38.400
5. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, ფორდი) 08:43.500
6. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) 11:10.000
7. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი) 13:35.000
8. იუჰო ჰაენინენი (ფინეთი, შკოდა) 14:48.700
9. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, ფორდი) 48:17.200
10. ოტ ტანაკი (ესტონეთი, ფორდი) 53.42.800
პილოტთა კლასიფიკაცია
1. ჰირვონენი - 46 ქულა; 2. ლოები - 37; 3. ლატვალა - 31; 4. ოსტბერგი - 28; 5. პეტერ სოლბერგი - 23; 6. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი) - 15; 7. ჰენინგ სოლბერგი - 8; 8. პერ-გუნარ ანდრსონი (შვედთი, ფორდი) - 6; 9. პროკოპი - 6; 10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, სიტროენი) - 4
კონსტრუქტორთა პირველობა
No comments:
Post a Comment