ჰამილტონი სეზონის გამარჯვებით დასრულებას აპირებს
Hamilton aims to finish season with win
26 ოქტომბერი
ლუის ჰამილტონი თვლის, რომ აბუ დაბის ახალთახალი ტრასა ”მაკლარენის” მანქანის მახასიათებლებს საუკეთესოდ მიესადაგება და იმედოვნებს, რომ მიმდინარე სეზონს გამარჯვებით დაასრულებს.
”სეზონის მეორე ნაწილი ფანტასტიკურად ჩავატარეთ და კარგი იქნება, თუ სეზონს მოგებით დავასრულებთ. ამით, ახალი სეზონისთვის მზადების პროცესში, უფრო მოტივირებულები ვიქნებით”, - ამბობს ჰამილტონი, ვინც ბოლო შვიდ რბოლაში ყველაზე მეტი ქულა დააგროვა.
”ყველა ნიშანია იმისა, რომ აბუ დაბის ტრასა ჩვენს მანქანას შეეფერება. მასზე რამდენიმე ნელი მოსახვევია, რომლებსაც გრძელი სწორი მოსდევს. ამიტომ, სისტემა კერს-ი ეფექტურად იმუშავებს და სხვებთან უპირატესობას მოგვანიჭებს. ისე ჩანს, რომ ამ სისტემას მომავალში აღარ გამოვიყენებთ. ამიტომ, კარგი იქნება, თუ მისთვის ბოლო რბოლას გამარჯვებით აღვნიშნავთ”, - დასძენს ჰამილტონი.
ბოლო ეტაპის წინ, კონსტრუქტორთა პირველობაზე, ”მაკლარენი” მესამე ადგილზეა და მხოლოდ ერთ ქულას უგებს თავის ძველ მეტოქე ”ფერარის”. რაც მთავარია, ინგლისურ გუნდს რამდენიმე უპირატესობა აქვს: ჯერ ერთი, მისი პირველი პილოტი (ჰამილტონი) ძლიერ მოტივირებულია, რასაც ალბათ ვერ ვიტყვით ”ფერარის” კიმი რაიკონენზე, რომელსაც ამ სეზონის ბოლოს ”სკუდერიას” დატოვება უწევს. მეორე პილოტების დონეზეც უპირატესობა ინგლისურ გუნდს აქვს - მის ჰეიკი კოვალაინენს ქულებითვის ბრძოლის მეტი შანსი აქვს, ვიდრე იტალიელ ჯანკარლო ფიზიკელას, ვინც ”ფერარიში” გადასვლის შემდეგ, მაჩანჩალათა შორისაა. და რაც მთავარია, დღეისათვის ”მაკლარენის” მანქანა ”ფერარისას” სჯობს...
კოვალაინენსაც ალბათ ამ სეზონის ბოლოს ”მაკლარენის” დატოვება მოუწევს, თუმცა ის აცხადებს, რომ გუნდს მესამე ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარება:
”ბრაზილიაში კარგად ვიასპარეზე, აბუ დაბიში კი ქულების აღებას ვაპირებ და ვფიქრობ, ჩვენი გუნდი მესამე ადგილის შენარჩუნებას შეძლებს. ტრასის შესახებ ის ვიცი, რომ დაინტერესოა - სტარტის ზოლის წინ, მასზე რამდენიმე სწრაფი მოსახვევია, შემდეგ კი ნელი, ტექნიკური სეგმენტი იწყება. ტრასას იმასაც ვატყობ, რომ მასზე გასწრება იოლი არ იქნება. მთლიანობაში კი ტრასა შესანიშნავ გარემოშია და იქ რბოლა ძალიან სასიამოვნო უნდა იყოს”.
No comments:
Post a Comment