”ლოტუს F1” მანქანის აეროდინამიკურ ტესტებს იწყებს
Lotus F1
15 ოქტომბერი
ფორმულა 1-ში დაბრუნებული ”ლოტუსი” მზადაა, მომავალი სეზონისთვის განკუთვნილი თავისი სარბოლი ავტომობილის მასშტაბური მოდელის სეროდინამიკურ მილში ტესტირება დაიწყოს. ჯერ მხოლოდ ერთი თვეა გასული მას შემდეგ, რაც ”ლოტუსმა” მსოფლიო ჩემპიონატში ასპარეზობის უფლება მოიპოვა და ამ დროში გუნდმა, რომელიც მალაიზიური მთავრობის მხარდაჭერით სარგებლობს, მანქანის შექმნის პირველი სტადია უკვე გაიარა.
”აეროდინამიკურ მილში გამოცდების ჩატარება, ფორმულა ერთის ავტომობილის შემუშავების მნიშვნელოვანი ეტაპია. ჩვენ ამ პროექტზე რამდენიმე თვეა ვმუშაობთ, გუნდის ინფრასტრუქტურა კი პრაქტიკულად ჩამოყალიბებული გვაქვს - უკვე გვაქვს ფინანსური გარანტიები, გამართულია ფაბრიკა და დანიშნულია ტოპ მენეჯმენტი. როგორც კი ჩემპიონატში გამოსვლის უფლება მოგვცეს, მაშინვე მანქანის შექმნის პროცესი სრული ტემპით ავამოქმედეთ და პერსონალის აყვანა დავიწყეთ”, - გვამცნობს ”ლოტუსის” ტექნიკური დირექტორი მაიკ გასკოინი.
გასკოინი ფორმულა ერთში ცნობილი ინჟინერია. ადრე ის ”რენოში”, ”ტოიოტაში” და ”ფორს ინდიაში” მაღალ თანამდებობებზე (ძირითადად ტექნიკურ დირექტორად) მუშაობდა, ამჯერად კი თავისუფალი იყო და ასეთი სოლიდური გამოცდილების მქონე სპეციალისტის აყვანა ”ლოტუსმა” ხელიდან არ გაუშვა. ის ამბობს, რომ ახალი მანქანა ტრასაზე პირველად თებერვალში გამოვა.
გასკოინს კარგად ესმის, რომ პირველ სეზონში დიდი მიზნების დასახვას აზრი არ აქვს. უფრო მეტიც, ის ამბობს, რომ მისი გუნდისთვის ისიც წარმატება იქნება, თუ სეზონის პირველი რბოლისთვის ორივე მანქანის სრულფასოვნად მომზადებას მოასწრებს.
”რეალისტები უნდა ვიყოთ. ჩვენ ახალი გუნდი ვართ და პირველ სეზონში დიდ მიზნებს ვერ შევეჭიდებით. მანქანის შექმნა მოგვიანებით დავიწყეთ, რაც საქმეს ართულებს. ასე რომ, ისიც მიღწევა იქნება, თუ ბაჰრეინში სტარტზე ორივე მანქანა გვეყოლება”, - ამბობს გასკოინი და დასძენს:
”თუ შუა სეზონში, ახალბედებს შორის საუკეთესონი ვიქნებით, ეს დიდ მიღწევად ჩაგვითვალეთ. ამის შემდეგ კი ჩვენი მიზანი ძველ გუნდებთან გათანაბრება იქნება”.
გასკოინი ამბობს, რომ მის გუნდს გამოცდილი, ტექნიკაში გაწაფული პილოტები ესაჭიროება, რომლებიც მანქანის განვითარების საქმეში სოლიდურ როლს შეასრულებენ. თუმცა, იმავდროულად, გუნდს ისეთი პილოტებიც სჭირდება, რომლებიც კარგ შედეგებზე არიან ორიენტირებულნი და მხოლოდ შავი სამუშაოს შესრულება არ სურთ.
ჯერჯერობით, ”ლოტუსს” თავისი პილოტები არ დაუსახელებია, თუმცა პადოკში მოარული ხმებით, მისი პირველი პილოტი ალბათ იტალიელი იარნო ტრული გახდება, რომელსაც ”ტოიოტა” კონტრაქტს” აღარ უგრძელებს.
No comments:
Post a Comment