ფეტელმა გაიმარჯვა და ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნა
Japan GP
4 ოქტომბერი
”ეს ჯერაც შესაძლებელია. კარგი იქნებოდა, რომ ერთი-ორი რბოლით მეტი გვქონდეს დარჩენილი, მაგრამ ახლაც ჩემპიონობის შანსს ვინარჩუნებთ და დღევანდელი გამარჯვება იმის ნიშანია, რომ შანსი ჯერაც გვაქვს. ჩვენ შესანიშნავი მანქანა გვაქვს, რომელიც რბოლიდან რბოლამდე უმჯობესდება. ჩვენს ბაზაზე დაუღალავად მუშაობენ, რომ მიზანს მივაღწიოთ. ასე რომ, ყველაფერი ინ გვაქვს”, - ნარბოლევს განაცხადა ფეტელმა, ვინც ჩემპიონატის დასრულებამდე ორი რბოლით ადრე, ლიდერ ჯენსონ ბატონს 16 ქულით ჩამორჩება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ბატონი თუნდაც ოთხ ქულას აიღებს, ფეტელი მისი გამსწრები აღარაა.
რა შეეხება ჰამილტონს, ბრიტანელმა დაიჩივლა, რომ მეორე პიტ სტოპის შემდეგ, მის მანქანაზე მწყობრიდან სისტემა კერსი გამოვიდა. ”სეიფტი ქარის ტრასაზე ყოფნისას, გუნდს რადიოკავშირით ვუთხარი, რომ კერს-ის გარეშე დავრჩი. რესტარტზე მე ის მჭირდებოდა, რათა იარნოსთვის გასწრების შანსი მქონოდა. ამის გარეშე, ბოლო მოსახვევიდან გამოსასვლელში მას ძალიან უნდა მივახლოებოდი, რომ სწორზე გასწრების შანსი გამჩენოდა, მაგრამ არც ეს გამომივიდა”, - ნარბოლევს ყვებოდა ჰამილტონი.
რბოლა ქულებში დაასრულა კონსტრუქტორთა პირველობის ლიდერის, ”ბრაუნის” ორივე პილოტმა - რუბენს ბარიკელო მეშვიდეზე, ჯენსონ ბატონი კი მერვეზე გავიდნენ, რის შემდეგაც აღდგა სინგაპურის დიდი პრიზისწინა სტატუს ქვო და ბრიტანელი ახლა ბრაზილიელ თანაგუნდელს ისევ 14 ქულას უგებს. სასწაული უნდა მოხდეს, რომ მან ესოდენ სოლიდური უპირატესობის შენარჩუნება ვერ შესძლოს. თუმცა, ფ1-ში ყველაფერი ხდება.
სხვათა შორის, კვალიფიკაციის შემდეგ, ორივე პილოტი ხუთი ადგილით უკან დასწიეს, რის შედეგადაც, გაცილებით უარეს მდგომარეობაში ბატონი აღმოჩნდა - მან რბოლა მე-11 ადგილიდან დაიწყო, ბარიკელო კი სტარტზე მე-6 დადგა (FIA-ს უცნაური სისტემის წყალობით). თუმცა, რბოლის მსვლელობისას, ბრიტანელმა საგრძნობლად წინ წაიწია, რაშიც მეტოქეებმაც შეუწყვეს ხელი.
ჯერ იყო და, სტარტიდან ცოტა ხანში, მის წინ მიმავალი რობერტ კუბიცა შეცდა, რის შემდეგაც მისი გასწრება ტექნიკის საქმე იყო. შემდეგ, ადრიან სუტილმა და ჰეიკი კოვალაინენმა იმდენი იბრძოლეს, სანამ ერთმანეთს დაეჯახნენ, ბატონმა კი ორივეს გაასწრო.
მოკლედ, იაპონური რანდევუს შემდეგ, ბატონი ბარიკელოს 14 ქულას უგებს, ფეტელს კი - 16-ს. ეა კი იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონობის გასანაღდებლად, ბრიტანელს 6 ქულაღა სჭირდება. თითქმის გაინაღდა კონსტრუქტორთა თასი ბრაუნ GP-მ”, რომელსაც მიზნის მისაღწევად, დარჩენილ ორ ეტაპზე ერთადერთი ქულაც ეყოფა.
მსოფლიო ჩემპიონატის ბოლოსწინა, მე-16 ეტაპს ბრაზილიის ქალაქ სან პაულუს ავტოდრომი ინტერლაგუში ორ კვირაში უმასპინძლებს.
იაპონიის დიდი პრიზი
სუზუკა. დისტანცია 305.416 კმ (4.558 კმ - 67 წრე)
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 1:28:20.443
2. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) + 4.877
3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) + 6.472
4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) + 7.940
5. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა) + 8.793
6. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) + 9.509
7. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ GP) + 10.641
8. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ GP) + 11.474
9. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) + 11.777
10. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) + 13.065
11. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, მაკლარენი) + 13.735
12. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფერარი) + 14.596
13. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) + 14.959
14. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია,ფორს ინდია) + 15.734
15. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) + 17.973
16. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, რენო) + 1 წრე
17. მარკ უებერი (ავსტრალია,რედ ბულ-რენო) + 2 წრე
გ. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) + 9 წრე
გ. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) + 41 წრე
ა. ტიმო გლოკი (გერმანია, ტოიოტა) + 67 წრე
უსწრაფესი წრე: მარკ უებერი - 1:32.569 (50-ე წრე)
შენიშვნა: გ. - გამოეთიშა; ა. - არ უასპარეზია
პილოტთა კლასიფიკაცია:
1. ჯენსონ ბატონი - 85; 2. რუბენს ბარიკელო - 71; 3. სებასტიან ფეტელი - 69; 4. მარკ უებერი - 51.5; 5. კიმი რაიკონენი - 45; 6. ლუის ჰამილტონი - 43; 7. ნიკო როსბერგი - 34.5; 8. იარნო ტრული - 30.5; 9. ფერნანდო ალონსო - 26; 10. ტიმო გლოკი (გერმანია, ტოიოტა) - 24; 11. ფელიპე მასა - 22; 12. ჰეიკი კოვალაინენი - 22; 13. ნიკ ჰაიდფელდი - 15; 14. რობერტ კუბიცა - 9; 15. ჯანკარლო ფიზიკელა - 8*; 16. ადრიან სუტილი - 5; 17. სებასტიან ბუემი - 3; 18. სებასტიან ბურდე (საფრანგეთი, ტორო როსო) - 2; 19. კაზუკი ნაკაძიმა - 0; 20. ნელსონ პიკე (ბრაზილია, რენო) - 0; 21. ვიტანტონიო ლიუცი - 0; 22. ლუკა ბადოერი (იტალია, ფერარი) - 0; 23. რომენ გროჟანი - 0; 24. ხაიმე ალგერსუარი - 0
კონსტრუქტორთა პირველობა:
1. ბრაუნ-მერსედესი - 156; 2. რედ ბულ-რენო - 120.5; 3. ფერარი - 67; 4. მაკლარენ-მერსედესი - 65; 5. ტოიოტა - 54.5; 6. უილიამს-ტოიოტა - 34.5; 7. რენო - 26; 8. ბეემვე ზაუბერი - 24; 9. ფორს ინდია-მერსედესი - 13; 10. ტორო როსო-ფერარი - 5
No comments:
Post a Comment