აბუ დაბის ტრასას მწვანე შუქი აენთო
Abu Dhabi F1 circuit
7 ოქტომბერი
აბუ დაბის უახლესმა ავტოდრომმა ”იას მარინა ცირკვიტმა”, რომელიც წელს პირველად უმასპინძლებს ფორმულა 1-ის რბოლას, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ინსპექციის მოწონება დაიმსახურა და ოფიციალურად მიიღო ფ1-ის ეტაპის ჩატარებისთვის აუცილებელი ლიცენზია.
აბუ დაბის ეტაპი წლევანდელ სეზონს დაასრულებს. რბოლა 10 ნოემბერს ჩატარდება. ის დღისით დაიწყება და მოსაღამოვებულზე, ხელოვნური განათების შუქზე დასრულდება. ამ მხრივ, ის სინგაპურის ეტაპისგანაც განსხვავდება, რომელიც მთლიანად ღამით, ხელოვნურად განათებულ ტრასაზე ტარდება.
რბოლა 55 წრისგან შედგება. ის ადგილობრივი დროით 17:00 საათზე (ჩვენი დროით 16:00 საათზე) დაიწყება. იმის გათვალისწინებით, რომ წრეზე საშუალო დრო დაახლოებით 1 წუთი და 40 წამი უნდა იყოს, ასპარეზობა შებინდებულზე, 18:30-ზე (იქაური დროით) დასრულდება და რბოლის ორგანიზატორებს ხელოვნური განათების ჩართვა მოუწევთ.
ტრასაზე კოსმეტიკური სამუშაოები ჯერაც მიმდინარეობს, თუმცა ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ აბუ დაბის დიდი პრიზისთვის, ტრასა სრულ მზადყოფნაში იქნება. მათ ოპტიმიზმს FIA-ს რბოლების დირექტორი ჩარლი უაიტინგიც ეთანხმება.
ტრასის მთავარი აღმასრულებელი რიჩარდ კრეგანი აცხადებს, რომ უკვე იმდენი რთული სამუშაო შესრულდა, რომ დარჩენილი საქმე უბრალო გასეირნებად მოჩანს და მათი დროულად დასრულება ეჭვსაც არ იწვევს.
გრანდიოზული ნაგებობა უკვე მოინახულეს ფ1-ის ყოფილმა პილოტებმა - დევიდ კულტჰარდმა და მარტინ ბრანდლმა, ასევე მსოფლიოს სამგზის ჩემპონ აირტონ სენას დისშვილმა ბრუნო სენამ, რომლებმაც ტრასას მაღალი შეფასება მისცეს. მათ ტრასაზე ფორმულა ერთის ბოლიდის ბაზაზე დამზადებული ორადგილიანი ფორმულით, მედიის წარმომადგენლები 300 კმ/სთ სიჩქარით აგრიალეს და თავადაც ამით დიდად ისიამოვნეს.
ამ უქმეებზე ”იას მარინა ცირკვიტი” ფორმულა 1-ის მხარდამჭერ სერია GP2-ის საცდელ რბოლას უმასპინძლებს და კრეგანი იმედოვნებს, რომ ტრასა პირველ დიდ გამოცდას წარმატებით ჩააბარებს.
No comments:
Post a Comment