ლოები: GP2-ში ტესტი F1-სთვის მოთელვა არ ყოფილა
Loeb: GP2 test not an F1 warm-up
9 ოქტომბერი
მიუხედავად იმისა, რომ რალის მსოფლიო ჩემპიონატზე გადამწყვეტი ეტაპის მოლოდინშია, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, ფრანგი სებასტიან ლოები საკუთარ სიამოვნებაზეც ზრუნავს და GP2-ის კლასის სარბოლი ავტომობილის ტესტირებაში ღებულობს მონაწილეობას.
სარბოლ ტრასაზე რალის ლეგენდარული მრბოლის გამოჩენა ბევრმა იმის ნიშნად ჩათვალა, რომ ლოები ფორმულა 1-ში დებიუტისთვის ემზადება. ამის საფუძველიც არსებობს - ლოებს არაერთხელ უთქვამს, რომ საკუთარი შესაძლებლობების ფ1-ში მოსინჯვა სურს. მას ამ სურვილის ასრულების შანსი ამ სეზონში, მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ”ტორო როსომ” ფრანგი სებასტიან ბურდე გაუშვა. მაგრამ იტალიურ-ავსტრიულმა გუნდმა მაშინ არჩევანი ესპანელ ხაიმე ალგერსუარიზე შეაჩერა.
ეს უკანასკნელიც ჯერჯერობით თავის გამოჩენას ვერ ახერხებს, რაც, რა თქმა უნდა, ”პატარა სკუდერიაში” არ აწყობთ. მართალია, გუნდი არ ადასტურებს ლოებით საკუთარ დაინტერესებას, მაგრამ აქ სხვა გარემოებაა გასათვალისწინებელი: ”ტორო როსოს” და ლოების გუნდს ერთი სპონსორი ჰყავთ - ”რედ ბული” (ტორო როსო იტალიურად სწორედ წითელ ხარს ნიშნავს და საერთოდაც, ეს გუნდი ავსტრიულ კომპანიას ეკუთვნის). ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელს კი ლოების გამბიტის გათამაშებით, თავისი მეორე გუნდისადმი ყურადღების მიპყრობა შეუძლია. მოკლედ, ლოების ფ1-ში შესაძლო გადასვლას (თუნდაც ეს ხანმოკლე გადასვლა იყოს) გარკვეული საფუძველი გააჩნია.
მაგრამ თავად ფრანგი ავტომრბოლი ამბობს, რომ GP2-ის ბოლიდის ტესტირებაში მონაწილეობა მისთვის ჩვეულებრივი გართობაა, რითაც ის რალის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ეტაპის წინ, დაძაბულობის მოხსნას ცდილობს.
”ამ ტესტს აბუ დაბიში ჩემს გამოსვლასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ამ ტესტებზე ”პორშეს” თასის ფრანგული ჩემპიონატის ერთ-ერთი ინჟინრის ინიციატივაა, რომელიც ამჟამად GP2-ის გუნდ DPR-ში მუშაობს. მე კი ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შემეძლო. რა თქმა უნდა, ფ1-ის რბოლაშიც დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილობას. მაგრამ ამ ტესტებს ფ1-თვის მზადებასთან საერთო არაფერი აქვს”, - განაცხადა ლოებმა, ვისაც შარშან ”რედ ბულმა” თავისი ფ1-ის მანქანის ტესტირების საშუალება მისცა (სურათზე).
No comments:
Post a Comment