”რედ ბული” შეიძლება ”კოსუორტის” ძრავზე გადავიდეს
Red Bull-Cosworth?
9 ოქტომბერი
სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს გერმანული ჟურნალი ”აუტო მოტორ უნდ შპორტი”, რომლის ცნობითაც, შესაძლოა, მალე ”რედ ბულმა” და ძრავების მწარმოებელმა ინგლისურმა ფირმა ”კოსუორტმა”, ძრავების მიწოდების თაობაზე, თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმონ.
როგორც წესი, გუნდები თავიანთ ავტომობილებს ძრავის გარშემო აგებენ. ანუ, შასის დაპროექტებისას, მთავარი აგრეგატის გაბარიტულ და დინამომეტრულ პარამეტრებს ითვალისწინებენ. ახლა კი ის დროა, რომ გუნდებს მომავალი სეზონისთვის მანქანების პროექტირება კარგა ხნის დაწყებული ჰქონდეთ.
გერმანული ჟურნალის ვერსიით, ”რედ ბულის” ტექნიკური დეპარტამენტის შეფი, თანამედროვე ფორმულა ერთის საუკეთესო დიზაინერად აღიარებული ედრიან ნიუი გუნდისგან კატეგორიულად მოითხოვს ძრავის მიმწოდებლის საკითხის სასწრაფოდ გადაწყვეტას.
ერთი შეხედვით, ”რენოს” ძრავმა გუნდს ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი მისცა, მაგრამ ფრანგული აგრეგატი ნაკლებად საიმედო აღმოჩნდა, ვიდრე მისი კონკურენტები. მაგრამ მომავალი სეზონისთვის არჩევანის გაკეთებისას, გუნდს უფრო მეტად სხვა ფაქტორი აქვს გასათვალისწინებელი.
საქმე ისაა, რომ მერმის რბოლისას მანქანებში საწვავის ჩამატება იკრძალება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მანქანებს ახლანდელზე ორჯერ დიდი ზომის საწვავის ავზები უნდა ჰქონდეს, რათა მათში მთელი რბოლის სამყოფი საწვავი ჩაეტიოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად დაგრძელდება ავტომობილის ბაზა და რაც ყველაზე მთავარია, ადგილს შეიცვლის სიმძიმის ცენტრი, რომელმაც შესაძლოა, ბევრ გუნდს სერიოზული პრობლემები შეუქმნას.
ამიტომ, არაა გამორიცხული, რომ ნიუის ნაკლებად მძლავრი, მაგრამ შედარებით კომპაქტური და ეკონომიური ძრავი ერჩივნოს. კომპაქტური იმიტომ, რომ ავტომობილის ბაზა ახლანდელთან შედარებით ძლიერ არ დაგრძელდეს, ეკონომიური კი იმიტომ, რომ რბოლაზე ის ნაკლებ საწვავს იმყოფინებს. აქედან გამომდინარე, ავზის გაბარიტები შემცირდება და ესეც ბაზის პარამეტრების მაქსიმალურად შენარჩუნებისთვის გამოდგება. თანაც, სტარტზე მანქანა სხვებთან შედარებით მსუბუქიც იქნება...
არსებობს კიდევ რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ინგლისური ძრავების სასარგებლოდ მუშაობს. ”კოსუორტს” ”მერსედეს-ბენციდან” ძრავის ოთხი წამყვანი სპეციალისტი დაუბრუნდა, რომლებიც შტუტგარტულ კომპანიაში მას შემდეგ გადაბარგდნენ, რაც ინგლისურმა ფირმამ ფ1 დატოვა (2006 წლის სეზონის ბოლოს).
დაბოლოს, არსებობს შანსი იმისა, რომ ფორმულა 1-ის პროექტში ”კოსუორტს” ისეთი სერიოზული პარტნიორი გამოუჩნდეს, როგორიც ”პორშეა”. ეს გერმანული კომპანია ცოტა ხნის წინ ”ფოლკსვაგენის” გიგანტური ოჯახის წევრი გახდა. ეს უკანასკნელი კი შესაძლოა, მალე ფ1-ით დაინტერესდეს (წაიკითხეთ http://formula1ge.blogspot.com/2009/10/1-vw-to-eye-f1.html) და ამ შემთხვევაში, დიდი პრიზების ცირკში ”პორშეს” დაბრუნების ალბათობა უტოპიური ოცნება აღარ იქნება.
No comments:
Post a Comment