მასა წელსვე დაბრუნებას არ გამორიცხავს
Felipe Massa
6 ოქტომბერი
ფელიპე მასა მარანელოში, ”ფერარის” შტაბ-ბინაში დაბრუნდა და მაშინვე განაცხადა, რომ შესაძლოა, ტრასაზე ამ სეზონშივე - აბუ დაბის დიდ პრიზზე დაბრუნდეს.
ბრაზილიელი პილოტი, ვინც თავის ქალის უმძიმესი ტრავმები უნგრეთის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლაში მომხდარი ინციდენტისას მიიღო, მარანელოში ტექნიკურ პროგრამას და ფიზიკურ მზადებას დაიწყებს. ის ჯერ სიმულატორის საჭეს მიუჯდება, იქითა კვირიდან კი ორი წლის წინანდელი ”ფერარის” (F2007) ტესტირებასაც დაიწყება. ამასთან ავტომობილი სერია GP2-ის სპეციფიკაციის შესაბამისი საბურავებით აღიჭურვება.
”გაძეტა დელო სპორტთან” საუბრისას, მასამ გამორიცხა მისთვის საშინაო - ბრაზილიის დიდ პრიზზე დაბრუნება. თუმცა იქვე დასძინა, რომ აბუ დაბის სადებიუტო რბოლაში გამოსვლის იმედს ინარჩუნებს.
”თავს არ დავზოგავ. ჩემი მიზანი აბუ დაბიში ასპარეზობაა. მაგრამ ჯერ FIA-ს ნებართვაც მჭირდება. ბევრი რამ კი F2007-ის ტესტირებაზე იქნება დამოკიდებული, რომლის დროსაც გამოჩნდება, შემიძლია თუ რბოლებში დაბრუნება. ძალიან კარგად მახსოვს, როგორ უნდა ვმართო სარბისარბოლი ავტომობილი. არც შიში მაქვს, რადგან მომხდარი ჩემს მეხსიერებაში არ დარჩენილა. ამჟამად ჩემთვის წრეზე კარგი დროის ჩვენებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ისევ ვმართო სარბოლი ავტომობილი. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, კარგად მომზადებული მანქანა დამჭირდება”, - ამბობს მასა და დასძენს, რომ თავს იღბლიანად მიიჩნევს, რომ ასეთ კატასტროფას საკმაოდ იოლად გადაურჩა:
”გაცილებით სერიოზული და მძიმე ზიანი შეიძლებოდა მიმეღო. და თუ გავითვალისწინებ, რომ ამჟამად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან გამიმართლა. ინციდენტის ჩანაწერი არაერთხელ ვნახე. ისიც ვნახე, როგორ გამოვიყურებოდი ავარიის შემდეგ. ეს შემაძრწუნებელი იყო, მაგრამ გონებაზე არ ვიყავი და ამიტომ, არაფერი მიგრძვნია”.
მასამ ორი სიტყვა თავის ახალ თანაგუნდელზეც თქვა: ”ის მართლაც ძალიან კარგი პილოტია. ჩვენ ძლიერ წყვილს შევქმნით და იმედი მაქვს, რომ ჩემპიონატის ბოლოს მასზე წინ ვიქნები”.
No comments:
Post a Comment