ბარიკელო ფორმულა 1-ში რჩება
Rubens Barrichello
1 ოქტომბერი
მართალია, თითქმის გადაწყვეტილია, რომ მომავალი სეზონიდან ”ბრაუნში” რუბენს ბარიკლოს ნიკო როსბერგი შეცვლის, მაგრამ ვეტერანი ბრაზილიელი უსაქმოდ მაინც არ დარჩება. უფრო მეტიც, ის ირწმუნება, რომ მერმისაც კონკურენტუნარიან გუნდში იასპარეზებს.
”მომავალ სეზონი? ასი პროცენტით გარანტირებული მაქვს. იქნებ სჯობს, 99.9 ვთქვა? თუმცა, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. ერთადერთი, რისი თქმაც ახლა სერიოზულად შემიძლია, ისაა, რომ მომავალ სეზონში კონკურენტუნარიანი მანქანით გამოსვლა მსურს. ვფიქრობ, ასეც იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე სულ ესაა, რისი თქმაც შემიძლია”, - ამბობს ბარიკელო, ვისაც მიმდინარე ჩემპიონატში მეორე ადგილი უკავია და რომელიც თანაგუნდელ ლიდერ ჯენსონ ბატონს 15 ქულით ჩამორჩება.
ის ამბობს, რომ ჯერჯერობით, დარჩენილ სამ რბოლაზეა კონცენტრირებული და პირველ რიგში, ეს იაპონიის დიდ პრიზს ეხება, რომელზეც გასამარჯვებლად იბრძოლებს. კითხვაზე, რა არის მისი მიზანი დარჩენილ სამ რბოლაში, რუბინიუ პასუხობს:
”გამარჯვება, გამარჯვება და გამარჯვება. ეს ძალიან მარტივია. ხალხი მეკითხება, ხომ არ ვაპირებ ტაქტიკის შეცვლას და თავქუდმოგლეჯით ხომ არ გავქანდები, რადგან მხოლოდ გამარჯვებები მჭირდება. ასეცაა და უკვე ძალიან დიდხანს. ჩამორჩენა გაცილებით მეტი იყო, მაგრამ 14-მდე შევამცირე. სინგაპურში არ გამომართლა, თორემ კიდევ უფრო შევამცირებდი. რბოლის მოგება უნდა ვცადო, მაგრამ ისე, რომ ჯენსონზე არ ვიფიქრო. მე ჩემს საქმეს გავაკეთებ და რბოლა რომ დამთავრდება, ქულებს მერე დავითვლი”.
No comments:
Post a Comment