ბრაზილიაში გლოკს კობაიაში შეცვლის
Timo Glock
11 ოქტომბერი
ბრაზილიის დიდ პრიზზე გამოსვლას, ტრავმის გამო ვერ შეძლებს ”ტოიოტას” გერმანელი პილოტი ტიმო გლოკი, ვის ადგილსაც გუნდში იაპონელი კამუი კობაიაში დაიკავებს.
გლოკს ჯერ კიდევ იაპონიის დიდ პრიზზე სურდა გამოსვლა, მაგრამ ექიმებმა თავის შეკავება ურჩიეს და როგორც შემდგომმა გამოკვლევამ აჩვენა. მართებულადაც მოიქცნენ. საქმე ისაა, რომ დაწვრილებითი შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ გლოკს ხერხემლის ერთი მალა აქვს გაბზარული. ბუნებრივია, ამ ტრავმით მას საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის სამედიცინო კომისია რბოლაზე ვერ დაუშვებდა.
შეგახსენებთ, რომ კობაიაშიმ გლოკი იაპონიის დიდი პრიზის თავისუფალ პრაქტიკებზეც შეცვალა. ოღონდ, მაშინ ამის მიზეზი გერმანელი პილოტის ავადმყოფობა იყო - მას ჯერ კიდევ სინგაპურში ვირუსი შეეყარა და პარასკევს მაღალი სიცხე მისცა. ბუნებრივია, ტრასაზე მას არაფერი ესაქმებოდა.
თუმცა, ექიმების შეწევნით. ის მალე მომჯობინდა და კვალიფიკაციაზე თავისი მონოპოსტი დაიკავა. მაგრამ ამჯერად ავარია მოუვიდა, რომელშიც ზემოთ ნახსენები ტრავმა მიიღო.
”ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ ტიმო ბრაზილიაში ასპარეზობას შესძლებდა, მაგრამ ექიმებმა მას სულ სხვა, გაცილებით სერიოზული ტრავმაც აღმოუჩინეს, რაც მის რბოლას გამორიცხავს. ის გერმანიაში დარჩება. და ვიმედოვნებთ, რომ აბუ დაბის ეტაპისთვის შემოგვიერთდება”, - განაცხადა ”ტოიოტას” გუნდის შეფმა ჯონ ჰაუეტმა.
No comments:
Post a Comment