ბრაზილიის დიდი პრიზი
Brasilian GP
18 ოქტომბერი
სან პაულუ, ინტერლაგოსი. დისტანცია 305.909 კმ (4.309 კმ - 71 წრე)
სან პაულუს ინტერლაგოსის ტრასა 1940 წელს, კერძო ინვესტორმა ააშენა, ათი წლის შემდეგ კი ის ქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადავიდა. 1972 წელს ამ ტრასამ პირველად უმასპინძლა ფორმულა 1-ის კლასის მანქანების რბოლას, თუმცა ეს მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპი არ ყოფილა. სამაგიეროდ, 1990 წლიდან მოყოლებული, ეს ავტოდრომი მუდმივად შედის მსოფლიო ჩემპიონატების კალენდარში.
ტრასას ინტერლაგოსად მოიხსენიებენ და ის იმავდროულად, 1977 წელს დაღუპული ბრაზილიელი მრბოლის, კარლუშ პაჩეს სახელსაც ატარებს, რომლის ბრინჯაოს ქანდაკებაც, ტრასის შესასვლელთან მდებარეობს.
ტრასა მომთხოვნია ძრავებისა და მუხრუჭებისადმი, რადგან მასზე არის როგორც სწრაფი მონაკვეთები, ასევე ნელი მოსახვევებიც. მასზე მანქანის იდეალურად მომზადება კომპრომისებს მოითხოვს. ტრასის პირველი და მესამე სექტორები ქაროსნულია, მეორე კი - ნელი.
ინტერლაგოსი ზღვის დონიდან 750 მეტრზე მდებარეობს, რის გამოც, ძრავის სიმძლავრის სრულად გამოყენება ვერ ხერხდება. პრობლემებს ქმნის ის გარემოებაც, რომ სარბოლი უქმეების დროს, სან პაულუში საკმაოდ ხშირად წვიმს.
მართალია, 1972 წლის რბოლა არ შედიოდა მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარში, მაგრამ მასში ფორმულა 1-ის ბევრმა ვარსკვლავმა მიიღო. ბრაზილიელი ემერსონ ფიტიპალდი კარგა ხანს ლიდერობდა, მაგრამ მისი ”ლოტუსის” საკიდარი მწყობრიდან გამოვიდა და ფინიში პირველმა არგენტინელმა კარლოს როიტემანმა (ბრებჰემი) გადაკვეთა.
მომდევნო წელს რბოლა ჩემპიონატის კალენდარში შეიტანეს და ის ფიტიპალდიმ მოიგო. სხვათა შორის, ბრაზილიელ პილოტებს ინტერლაგოსზე მხოლოდ ექვსჯერ აქვთ მოგებული.
1978 წელს ბრაზილიური დიდი პრიზი რიო დ ჟანეიროს ჟაკარეპაგუაზე გადაბარგდა, სადაც პირველი რბოლა ისევ როიტემანმა მოიგო. მომდევნო სეზონში რიო ისევ სან პაულუმ შეცვალა, თუმცა მალე რბოლამ ისევ ჟაკარეპაგიაზე გადაინაცვლა, სადაც 1989 წლამდე ტარდებოდა. მერე კი ბრაზილიური ეტაპი ისევ ინტერლაგოსს დაუბრუნდა, რომელიც დიდი პრიზების ცირკს თითქმის ორჯერ დამოკლებული (4.3 კმ) დაუხვდა.
1988 წელს ბრაზილიის დიდ პრიზზე აირტონ სენამ პირველად იასპარეზა ”მაკლარენის” მანქანით. მართალია, მან პოული მოიპოვა, მაგრამ მოსათელ წრეზე გადაცემათა კოლოფი გაეჭედა, რის გამოც, სასწრაფოდ სათადარიგო მანქანაზე გადაჯდა და სტარტი პიტლეინიდან აიღო. ოცი წრე დასჭირდა იმისათვის, რომ მეორე ადგილამდე გაეკაფა გზა, მაგრამ სწორედ ამ დროს, მსაჯებმა რბოლიდან მოხსნეს, რადგან სათადარიგო მანქანის გამოყენების წესი დაარღვია. რბოლა სენას ფრანგ თანაგუნდელ ალენ პროსტის გამარჯვებით დასრულდა, ვისაც ბრაზილიური რბოლა ყველაზე ხშირად - ექვსჯერ აქვს მოგებული.
1993 წელს რბოლა ძლიერი წვიმის აკომპანიმენტით ჩატარდა და ის სენამ მოიგო, რომელმაც აშკარად უფრო სწრაფი ”უილიამს-რენოთი” მოასპარეზე ბრიტანელი დეიმონ ჰილი ჩამოიტოვა. ამინდი საქმეში ათი წლის შემდეგაც ჩაერია. ის რბოლა, მარკ უებერისა და ფერნანდო ალონსოს ავარიების გამო, ნაადრევად შეწყდა და იტალიელი ჯანკარლო ფიზიკელას (ჯორდანი) გამარჯვებით დასრულდა.
2006 წლის ბრაზილიის დიდი პრიზის შემდეგ, ფორმულა 1-ს მიხაე შუმახერი დაემშვიდობა.
შარშან კი ინტერლაგოსზე, რბოლის ბოლო წამებზე, მსოფლიო ჩემპიონის ვინაობა ორჯერ გაირკვა. ფინიშის ხაზი პირველმა ბრაზილიელმა ფელიპე მასამ გადაკვეთა და იმ მომენტში ის ჩემპიონი იყო, მაგრამ არ გასულა წუთი და ტიტული მას ბრიტანელმა ლუის ჰამილტონმა ჩამოართვა, ვინც ბოლო მოსახვევში გერმანელ ტიმო გლოკს გაასწრო.
No comments:
Post a Comment