USF1-ს ფაბრიკა მზად აქვს
USF1
8 ოქტომბერი
მომავალი სეზონიდან ფორმულა 1-ს ოთხი ახალი გუნდი - ”მეინორი”, ”კამპოსი”, ”ლოტუსი” და USF1 შეუერთდება, მაგრამ ინტერნეტში ახლავე არცთუ იშვიათად შეიძლება ნახოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ ოთხეულიდან მინიმუმ ერთმა შეიძლება სეზონის დაწყებამდე ხელი აიღოს თავის განზრახვაზე.
ყველაზე ხშირად, სკეპტიკურ მოსაზრებას ამერიკულ გუნდზე (USF1) გაიგებთ, რომელსაც შტაბ-ბინა ქალაქ შარლოტის (შტატი ჩრდილოეთ კაროლინა) სარბოლი ტრეკის მახლობლად აქვს და ამდენად, ძალიან დაშორებულია ფორმულა ერთის სხვა გუნდებისგან, რომლებიც დასავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში - ინგლისში, გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთსა და შვეიცარიაში არიან თავმოყრილნი.
ამას წინათ, ამერიკული გუნდის მომავალზე თვით ფ1-ის კომერციული ბოსი, ბერნი ეკლსტოუნიც კი დაეჭვდა ამერიკული საჯინიბოს მომავალში. მაგრამ ოთხშაბათს შარლოტიდან სულ სხვაგვარი ინფორმაცია გავრცელდა.
გუნდმა თავისი ფაბრიკის და ტექნიკური ცენტრის ფოტოები გაავრცელა და ავტოსპორტულ სამყაროს ამცნო, რომ სარბოლი მანქანის შექმნა უკვე დაწყებული აქვს და რომ სამუშაოები გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს.
ფოტოებზე ასახულია საკონსტრუქტორო ოფისი და ფაბრიკის სამანქანო დარბაზები, თუმცა არსად ჩანს მანქანის, ან მისი კომპონენტების დამზადების პროცესი.
არსებობს მოსაზრება, რომ საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციასა და ფ1-ის გუნდებს შორის უთანხმოების გამო, რომელიც ზაფხულში მოგვარდა, ამერიკულ გუნდს თავის მანქანაზე მუშაობის დაწყება დაუგვიანდა. თუმცა ეს მოსაზრება გუნდის ტექნიკურმა დირექტორმა კენ ანდერსონმა გააქარწყლა.
”კარგია, რომ ამ კითხვას მისვამთ. მანქანას გეგმის მიერ დასახულ დროში, ყოველგვარი დაგვიანების გარეშე ვამზადებთ. ნოემბრის დასაწყისში მგორავი შასი გვექნება, სრულად ფუნქციონირებად მანქანას კი ტრასაზე იანვარში, წინასასეზონო ტესტებისთვის გამოვიყვანთ”, - ამბობს ანდერსონი. მისი თქმით, გუნდი ახლა თავის ევროპულ ბაზასაც ქმნის, სადაც სეზონის დიდი ნაწილის განმავლობაში იმუშავებს.
ანდერსონი ამბობს, რომ გუნდი ავტომობილის კონსტრუირების ყველაზე საპასუხისმგებლო სამუშაოებს კომპიუტერის მეშვეობით ასრულებს. ”ასე რომ, არ მოგვიწევს დეტალების შექმნა იმისათვის, რომ ისინი გამოვცადოთ და მერე ახალი დეტალები ისევ გამოსაცდელად ვამზადოთ. ჩვენი მიზანია, კომპიუტერითვე შევიმუშაოთ ცალკეული დეტალები და მთელი ავტომობილი, რომელიც აწყობისთანავე სრულად ფუნქციონირებადი იქნება”.
ანდერსონი დასძენს, რომ უკვე თითქმის დასრულებულია გუნდის შტატით დაკომპლექტება. თანამშრომელთა უმეტესობა სხვა გუნდებიდანაა გადმობირებული და ისინი USF1-ში მუშაობას ამ სეზონის დასრულებისთანავე შეუდგებიან.
რაც შეეხება პილოტებს, დიდხანს იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ამერიკულ გუნდში მხოლოდ ამერიკელ პილოტებს მიიწვევდნენ, მაგრამ დღეს სულ სხვა სიტუაციაა, რაზეც გუნდის თანადამფუძნებელი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ყოფილი ჟურნალისტი პიტერ უინძორი ლაპარაკობს:
”ჩვენი მისწრაფება, გუნდში მხოლოდ ახალგაზრდა ამერიკელი პილოტები მიგვეწვია, ცოტა ძნელი შესასრულებელი აღმოჩნდა. ჯერაც მაქვს იმედი, რომ ერთი ამერიკელი პილოტი მაინც გვეყოლება, მაგრამ ეს ძნელად შესასრულებელი ოცნებაა, რადგან არც ისე ბევრია ამერიკელი პილოტი, ვისაც სუპერლიცენზია გააჩნია”.
No comments:
Post a Comment