აბუ დაბის დიდი პრიზი (წარდგენა)
Abu Dhabi Grand Prix
31 ოქტომბერი
რაც ახალი საუკუნე დაიწყო, ფორმულა 1-ის კალენდარში, თითქმის ყოველ წელს, ერთი ახალი ეტაპი მაინც ჩნდება. ამ წლებში მსოფლიო ჩემპიონატს ჩინეთის, ბაჰრეინის, თურქეთის, სინგაპურის დიდი პრიზები დაემატა, რბოლა პირველად ჩატარდა ვალენსიაში, წელს კი, კალენდარს კიდევ ერთი ახალი რბოლა - აბუ დაბის დიდი პრიზი დაემატა.
არაბეთის გაერთიანებული საემიროების მთავარ ქალაქ აბუ დაბიში (რომელიც დუბაის მახლობლად მდებარეობს) საკმაოდ მოკრძალებული პარამეტრების მქონე ტრასის მშენებლობა 2006 წლის იანვარში გადაწყდა. რა თქმა უნდა, კონტრაქტი ამ საქმის ყველაზე გამორჩეულ სპეციალისტთან, გერმანელ ჰერმან ტილკესთან გაფორმდა, რომელსაც ფ1-ის არაერთი ტრასა დაუპროექტებია.
პირვანდელი პროექტით, ტრასის სიგრძე სულ რაღაც 3 კილომეტრი უნდა ყოფილიყო. ჩანაფიქრით, იქ მხოლოდ ადგილობრივი და რეგიონული მნიშვნელობის რბოლები უნდა ჩატარებულიყო. მაგრამ მალე, შემკვეთებმა ტილკეს ფორმულა 1-ის სტანდარტების შესაფერისი ტრასის აგება შეუკვეთეს.
ტრასის ასაგებად, ხელოვნური კუნძული იასი გამოიყო, რომელიც კერძო იახტების ნავმისადგომად გამოიყენება და რომელზეც, უფრო ადრე, ”ფერარის” და ადგილობრივი ინვესტორების მცდელობით, იტალიური საჯინიბოს გასართობი კომპლექსი აშენდა.
2007 წელს ტრასის მაკეტის პრეზენტაცია ჩატარდა, რომელზეც ბერნი ეკლსტოუნთან, აბუ დაბის დიდი პრიზის ჩატარებაზე კონტრაქტი გაფორმდა. იმავე პრეზენტაციაზე, რბოლას ტიტულოვანი სპონსორი გამოუჩნდა ემირატული ავიაკომპანია ”ეტიჰად ეარუეიზის” სახით, რომელიც ფ1-ში ”ფერარის” პარტნიორიცაა.
მას შემდეგ, რაც სინგაპურის ღამის რბოლამ საყოველთაო მოწონება დაიმსახურა, გადაწყდა, რომ აბუ დაბის სარბოლი ტრასის პერიმეტრზე ხელოვნური განათების ბოძების დაემონტაჟებინათ. თანაც, თუ სინგაპურში მთელი რბოლა ხელოვნური განათების შუქზე ტარდება, აბუ დაბიში სტარტი დღის სინათლეზე უნდა იყოს, ფინიში კი - ხელოვნურად განათებულ ტრასაზე.
იას მარინა ცირკვიტი საკმაოდ ჩქაროსნულია, თუმცა მასზე ერთმანეთს ნელი და საშუალოდ სწრაფი მოსახვევებიც ენაცვლება. სწრაფი მონაკვეთებით ტრასის პირველი სექტორი გამოირჩევა. მეორე და მესამე კი შედარებით ნელია. სწრაფი მონაკვეთების გამო, ამ ტრასაზე მნიშვნელოვნად იზრდება იმ მანქანების უპირატესობა, რომლებიც სისტემა კერს-ითაა აღჭურვილი.
იას მარინა ცირკვიტს ბევრი საინტერესო რამ ახასიათებს. მაგალითად, მას ”ფერარის” გასართობი ცენტრი ესაზღვრება, მის პერიმეტრში კი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო მდებარეობს, რომელიც იმავდროულად, მასში მცხოვრებთათვის, ტრიბუნის დანიშნულებასაც ასრულებს.
ტრასის კიდევ ერთი საინტერესო ნაწილი მისი პიტლეინია. უფრო სწორედ, იქიდან გამოსასვლელი. ეს მონაკვეთი მიწის ქვეშ, ზღვის დონეზე დაბლა მდებარეობს. ის ტრასის ქვეშ გადის და რა თქმა უნდა, იქ პილოტებს ხელოვნური განათებით სარგებლობა უწევთ. ოღონდ, მონაკოს სწრაფი გვირაბისგან განსხვავებით, იას მარინა ცირკვიტის გვირაბს მანქანები სწრაფად ვერ გაივლიან.
No comments:
Post a Comment